გათვლილი აქვთ თუ არა ეკონომიკური რისკები, რომელსაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვევს? - რას პასუხობენ "ოცნებაში"
გათვლილი აქვთ თუ არა ეკონომიკური რისკები, რომელსაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვევს? ამ კითხვით "პირველებმა" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა. ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია არც ახლაა და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში იქნება.
ყველაფერი გათვლილია, არ გაჩერდება ინვესტიციები. ნუ შფოთავთ ტყუილად. ეკონომიკა იზომება ციფრებით, შეგიძლიათ ნახოთ. ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, - ამბობს დავით სინღულაშვილი.
თქვენ ვინ გითხრათ, რომ ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება? ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ეს, უნდა გახვიდეთ და ქართველ ხალხს ჰკითხოთ და ჩემთნ ეს კითხვა აღარ დაგჭირდებათ, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
არ მოხდება ეს მასობრივად და არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ არის, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ყველაფერზე გვაქვს რისკები გათვლილი. ეს არის მთავარი გარანტი. დემოკრატიისთვის არის ყველა ის რეფორმა, რასაც ვახორციელებთ, - ამბობს მარიამ ლაშხი.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება და ეს ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ "შანტაჟია".
ამდენი ხანია გვეუბნებიან, რომ გვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლას არ შეუჩერებენ. მოთხოვნები, რომელიც იქნა ჩვენს მიმართ დადებული, არაობიექტურია, - ამბობს რიმა ბერაძე.
მე დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო რეჟიმი არ გაუქმდება. ეს არის შანტაჟის მექანიზმი. უვიზო რეჟიმს პირდაპირი კავშირი ეკონომიკის ზრდასთან ან შემცირებასთან არ აქვს. უვიზო რეჟიმი არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ყველა ის მოთხოვნა აქვს შესრულებული, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შესანარჩნებლად არის საჭირო.
ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს კონკეტული მოთხოვნების შესრულებას. ეს მოთხოვნები საქართველოს შესრულებული აქვს და ის პოლიტიკურად ანგაჟირებული მოთხოვნები არ არის პირდაპირ კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ნუ გეჩქარებათ ამ თემაზე ლაპარაკი და ასე გულშემატკივრობა ამ თემის, რომ ვიღაც დასჯის საქართველოს, - ამბობს სარჯველაძე.
ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს "ქართული ოცნება" არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.
ამ ფონზე ეკონომისტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს, რადგან, მათი თქმით, ვიზალიბერალიზაცია და ქართული ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, დარტყმა საქართველოს ეკონომიკასაც მიადგეს.