კორუფციული გამოძიებები "ოცნებაში" - ვინ იქნებიან კობახიძის მთავარი სამიზნეები?
ვინ გახდება პროკურატურის ახალი სამიზნე? - ირაკლი კობახიძე დაკონკრეტების გარეშე მიანიშნებს, რომ პარტიის ყოფილ წევრებთან კონფლიქტი მათი გუნდიდან გაშვებით არ ამოწურულა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. "ოცნების" პრემიერი იმეორებს, რომ საფუძვლიანი ეჭვი აქვს, "ოცნებაში" არსებობდნენ კორუფციაში ჩართული ადამიანები, რომლებიც გასცემენ შიდა ინფორმაციას მედიასა და ოპოზიციაში და ამ გზით ცდილობენ საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას. ღარიბაშვილი თუ ლილუაშვილი? კობახიძე არცერთ გვარს არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს.
ირაკლი კობახიძეს შეეძლო, ეთქვა, რომ არც ღარიბაშვილის კორუფციაზე აქვს ეჭვი და ლილუაშვილის დანაშაულსაც გამორიცხავს, თუმცა მსგავსი არაფერი უთქვამს.
ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება, ბევრი მცდელობის მიუხედავად, "ოცნებაში" ვერასდროს დაიმალა. მის კორუფციასთან სიახლოვეზე ბიძინა ივანიშვილიც კი საუბრობდა წლების წინ. გრიგოლ ლილუაშვილი კი გუნდიდან ისე გარიცხეს, რომ გეგმა ერთ დღეში ორჯერ შეცვალეს და ვერც დაპირისპირება დამალეს. სუსის ყოფილ უფროსზე რომ კითხვები არსებობს, ეს არც მოქმედ უფროსს დაუმალავს რამდენიმე დღის წინ ალბათ არა შემთხვევით.
არქივი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასაც ინახავს, სადაც ის წლების წინ კორუფციას გუნდში კატეგორიულად გამორიცხავდა. დღეს ვინ არის მისი სამიზნე არ ვიცით, თუმცა ამ თემაზე საუბარი ფაქტობრივი აღიარებაა, რომ ის რაც ადრე თქვა, ტყუილი იყო.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.