ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში ჩასვლა უნდა
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას ბრიუსელშიც არავინ ელაპარაკება - "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კობახიძემ დღეს ევროკავშირი ისევ საბჭოთა კავშირს შეადარა და თქვა რომ ბრიუსელიდან "ფოსტით მოდის ულტიმატუმები".
მისი თქმით, მზად არის, დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში, თუმცა ევროგაერთიანებიდან მხოლოდ წერილებს იღებს.
"არაფერზე გესაუბრებიან და მოდიან ცარიელი ულტიმატუმებით" - განაცხადა კობახიძემ.
მე პირადად მზად ვარ, დღესვე შემიძლია გავფრინდე ბრიუსელში, ვინც მეტყვის - ევროკომისარი იქნება, თუ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ნებისმიერ მათგანთან მზად ვარ დისკუსიისთვის. იქიდან პასუხი რა არის? - საბჭოური მიდგომა. მეტი რა არის საბჭოური მიდგომა? - როდესაც არც არაფერზე გესაუბრებიან და ცარიელი ულტიმატუმებით მოდიან, ფოსტით ულტიმატუმებს გიგზავნიან. როგორც ადრე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები იგზავნებოდა, ასე დეპეშას აგზავნიან და არც გესაუბრებიან. ეს ხო საბჭოთა მიდგომა? ეს ხომ არის იგივე ინკვიზიციური მიდგომა? - რაც შუა საუკუნეებში თითქოს ევროპამ დატოვა და ეს ყველაფერი თითქოს წარსულს გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან ჩაბარდა, მაგრამ რა სტანდარტებიც ადრე იყო, იგივე სტანდარტები დღეს ევროკავშირში რატომღაც დაბრუნდა",- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე დღეს ასევე ირწმუნებოდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი "მკვეთრად დეგრადირდა" და განსხვავებულ აზრს დევნის, რაც ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვასა და ინკვიზიციას ახსენებს.
„როდესაც ევროკავშირი გვთხოვს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად, მახსენდება ევროპის შუა საუკუნეების ისტორია, სადაც იყო ინკვიზიცია და ადამიანებს წვავდნენ. ევროპაში ადამიანებს წვავდნენ განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ- კაცი კაცია და ქალი ქალია. ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს და კოცონზე დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია,“ - განაცხადა მან.