„ოცნებას“ არჩევნების კომფორტულად ჩატარების საშუალებას არ მივცემთ-ბადრი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

18.07.25 12:36
„ოცნებას“ არჩევნების კომფორტულად ჩატარების საშუალებას არ მივცემთ-ბადრი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ „ოცნებას“ არჩევნების კომფორტულად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები, არცერთ ეროვნულ, პროდასავლურ, პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეღო მონაწილეობა და მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია.

„როცა საუბარია, რომ ვერ მოხდა საბრძოლო ველზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შესვლა მუნიციპალური არჩევნებში, ამას მოჰყვება ხოლმე კომენტარი, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ამ არჩევნებში, ალბათ „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარია. სინამდვილეში კი პირიქით - „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იქნებოდა, რომ არცერთი ეროვნული, პროდასავლური, პოლიტიკური ჯგუფი არ შესულიყო ამ ბრძოლის ველზე, რაც საშუალებას მისცემდა მას დაუბრკოლებლად, მუნიციპალიტეტების დონეზე, მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია და ძირითადი პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაცია, რადგან მათი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღეთ, რომ შევიდეთ ბრძოლაში და ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“ ზემოთხსენებული მიზნების განხორციელებაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ!

იმისათვის, რომ „ძლიერ საქართველოსა“ და გახარიას პარტიას არ მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, სწორედ ამიტომ ვიმყოფებით “ძლიერი საქართველოს” ლიდერები სატუსაღოში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები