რა მისწერა კობახიძემ დონალდ ტრამპს - "ოცნება" წერილის გასაჯაროებაზე უარს ამბობს
რა წერილი მისწერა "ოცნებამ" ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ელჩ რობინ დანიგანის თქმით, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო - ამის შესახებ კითხვა დღეს "პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა.
ამ კითხვაზე საპასუხოდ "ოცნების" პრემიერმა რობინ დანიგანზე იერიში მიიტანა და თქვა, რომ ყოფილი ელჩი "ჭორებით საუბრობს".
"ის არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი, გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული, ამიტომ ამ საკითხზე ჩვენ არ გვჭირდება კომენტარების გაკეთება" - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის არ მიუწერია - "ეს ტყუილია".
"პირველების" კითხვაძე, თუ ელჩი დანიგანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, მაშინ რატომ არ ასაჯაროებს "ოცნება" წერილის შინაარს, კობახიძემ ამ კითხვას ჟურნალისტზე თავდასხმით უპასუხა და თქვა, რომ "ოცნება" წერილს არ გაასაჯაროებს.
თქვენი გადასაწყვეტი არაა, რა გასაჯაროვდება და რა არა. თქვენ რა გინდათ ეგ ერთია, რა გვინდა ჩვენ და საზოგადოებას, ეს მეორე. საჯარო წერილი რომ ყოფილიყო გავასაჯაროვებდით", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი, როცა ელჩს დავალება ჰქონდა ახალი ადმინისტრაციისგან, რომ აშშ-ს გზავნილები მიეტანა ივანიშვილამდე? - ამის პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ "სანქციებისა და შანტაჟის პირობებში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა ასეთი შეხვედრის გამართვა" და ეს მისი თქმით, ივანიშვილსაც განმარტებული აქვს.
ჩვენ საჯარო განცხადება გაკეთებული გვაქვს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად, საჭიროა ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. ჩვენ ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.
მიზეზი არის მკაფიოდ განმარტებული და ეს მიზეზი საჯაროდაც განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სანქციებისა და შანტაჟის პირობებში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა ასეთი შეხვედრის გამართვა. მან ასევე მიანიშნა ელჩს, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ის უნდა ესაუბროს. რეალურად, კომუნიკაციაზე არავის უთქვამს უარი, იყო პირდაპარი შეთავაზება გაკეთებული, რომ საუბარი დაწყებულიყო იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან კონკრეტულად, სუბიექტურად შანტაჟის ქვეშ. ძალიან მარტივი შეთავაზება იყო გაკეთებული, როცა ამაზე ითქვა უარი, გამძაფრდა შთაბეჭდილება, რომ სწორედშანტაჟის ფონზე სურდა ქალბატონ ელჩს შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან" - თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა რობინ ელჩმა დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციას არასაჯარო წერილი გაუგზავნა, რომელიც იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
რობინ დანიგანმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ ამის შემდეგ მას სრუდა პირადად შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, რათა გადაეცა წერილის პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.