ბრძოლის არცერთ ფრონტზე, არ უნდა მივცეთ რუსულ რეჟიმს საშუალება დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს - მამუკა ხაზარაძე

18.07.25 17:55
ბრძოლის არცერთ ფრონტზე, არ უნდა მივცეთ რუსულ რეჟიმს  საშუალება დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს - მამუკა ხაზარაძე

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და ირაკლი კობახიძის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. 

მისი თქმით, "რუსული რეჟიმის ე.წ. პრემიერის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით", უტიფარი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა. 

"ბრძოლის არც ერთ ფრონზე არ უნდა მივცეთ საშუალება "ქართულ ოცნებას" დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს" - წერს დაპატიმრებული ოპოზიციონერი. 

"ქართული ოცნების", უფრო ზუსტად, რუსული რეჟიმის ე.წ. პრემიერის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი უტიფარი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც არაფრად აგდებს ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის მონაპოვარ მიღწევებს და ქვეყანას  სრულ იზოლაციას უქადის. 

სამარცხვინოა, "ქალი ქალია" და "კაცი კაციას" თემით მანიპულირება. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს - თავიანთ რიგებში ამ პრობლემის სერიოზულ საშიშროებას ხედავენ. ქართველ კაცსა და ქალს არ სჭირდება თავს მოხვეული სამარცხვინო, რუსული პროპაგანდა. 
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კონტრარგუმენტად მარტო მოგზაურობის თემის შემოტანა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რომ საქართველო კარგავს ევროპულ ცივილიზაციასთან ყოველდღიური, მყისიერი ურთიერთობის პერსპექტივას, რაც საშუალო და გრძელ ვადაში ჩვენი ქვეყნის მომავალზე უმძიმეს გავლენას და შედეგს იქონიებს. 

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა, რომ ივანიშვილ-კობახიძის რუსული პოლიტიკის ხელში, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმეორდები - ბრძოლის არცერთ ფრონტზე, ან ველზე არ უნდა მივცეთ მათ საშუალება დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს!" - წერს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები