კობახიძეს ბრიუსელში ჩასვლა უნდა - რა აღიარა დღეს "ქართული ოცნების" პრემიერმა
ირაკლი კობახიძე ევროპელებისგან აღიარებას ითხოვს. "ოცნების" ლიდერი ცდილობს, თავი უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლად წარმოაჩინოს და გვითხრას, რომ დასავლური სამყაროს მიერ გაწყვეტილი კონტაქტები მისი რეალური წუხილია. არადა ეს მისი მედიასთან ერთსაათიანი კომუნიკაციის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია. დარჩენილი დრო პრემიერმა ბრიუსელის კრიტიკას და მათზე შეთქმულებების გავრცელებას დაუთმო.
ირაკლი კობახიძემ იცის, რომ სწორედ ასეთი ანტიდასავლური რიტორიკა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი ურთიერთობების გაწყვეტამდე მივიდა. ახლა "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მძიმე რეალობისთვის ემზადება. კობახიძე არ აპირებს უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად საჭირო პირობები შეასრულოს.
კობახიძე იტყუება. უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს. "ოცნების" პროპაგანდისტული გზავნილების შემდეგ ეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავადაც განმარტა. იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე მთავარი მონაპოვარი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ დაიკარგოს - ქვეყანაში კანონი უნდა აღსრულდეს, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და მთავრობის ანტიკორუფციული საქმიანობა უნდა გაძლიერდეს. კობახიძეს კი უვიზო რეჟიმის საპირწონედ ასეთი მოთხოვნა მოჰყავს.