რატომ არ ასაჯაროებენ ბაჩიაშვილზე თავდასხმის კადრებს? - პირველი ინტერვიუ პაატა სალიასთან

19.07.25 22:00
რატომ არ ასაჯაროებენ ბაჩიაშვილზე თავდასხმის კადრებს? - პირველი ინტერვიუ პაატა სალიასთან

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - იუსტიციის მინისტრის პირველი ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილზე ციხის საკანში თავდასხმის შემდეგ. პაატა სალია, რომელიც მინისტრის პოსტზე ადვოკატობიდან მოვიდა, ახლა სკანდალშია გახვეული. მისი მინისტრობისას, პატიმარი, რომელიც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო, სასტიკად სცემეს.

  • ბაჩიაშვილი სასჯელს E კორპუსის 69-ე საკანში იხდის, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული. ამ საკნიდან ის რომ ციხის უფროსის კაბინეტში მოხვედრილიყო, არა მხოლოდ საპყრობილის დერეფანი, არამედ ეზო და ადმინისტრაციული კორპუსის შიდა პერიმეტრი უნდა გაევლო, სადაც ათობით კამერაა.

"შაბათის ეთერმა" იუსტიციის მინისტრს კითხა, თუ ბაჩიაშვილი ტყუილს ამბობს და ის ციხის უფროსს არ დაუბარებია და არც მისი კრიპტო ანგარიშების გახსნა მოუთხოვია, რატომ არ ასაჯაროებენ კამერების ჩანაწერებს, თუმცა სალია ამბობს, რომ ის "მტკიცებულებებს ახლა ეცნობა" და მეტს ვერაფერს იტყვის. 

ვეცნობი მტკიცებულებებს, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. მე რაც ვნახე, მტკიცებულებები, ამას მერე გამოვაქვეყნებთ და ნახავს საზოგადოება. 

ვიდეოსთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, არსებობს თუ არ არსებობს, დადგინდება გამოძიების შედეგად" - განაცხდა იუსტიციის მინისტრმა. 

არაერთი ჩაკითხვის შემდეგ, პაატა სალიამ თქვა, რომ "გარკვეული ვიდეოები არსებობს". რაც შეეხება საკანში ჩხუბის ამსახველ ვიდეოს, მინისტრის თქმით, საკნებში ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს. 

უპასუხოდ რჩება, სად არის მინიმუმ შუალედური გამოძიების შედეგები, რომელიც ბიზნესმენზე საკანში თავდასხმის ირგვლივ დაგროვილ კითხვებს საწყის ეტაპზე მაინც გასცემდა პასუხებს.  

იურისტი სალია ვერ პასუხობს კითხვას, რატომ ეცვა ბაჩიაშვილზე თავდამსხმელს, 28 წლის კახი მეტრეველს ანგარიშსწორების მომენტში  ჯინსის შარვალი, რომლის ციხეში შეტანა აკრძალულია. "არ ვიცი" - ამბობს მინისტრი. 

იუსტიციის მოქმედი მინისტრი, გადაჭრით ვერ ამბობს იმასაც გამოაქვეყნებენ თუ არა ციხის საკანში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებს, რომელიც 11 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ფარდას ახდის. 

პაატა სალია მერვე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს იცავს და ამტკიცებს, რომ დავით გოგიბერიშვილს თავდასხმდე სამი დღით ადრე, ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი არ დაუბარებია და ბიძინა ივანიშვილისთვის სადავო კრიპტოვალუტის დაბრუნება არ ურჩევია.

დირექტორი კეთილსინდისიერი ადამიანია, პროფესიონალი! მას არ უსაუბრია ივანიშვილის ფულზე"- უთხრა ჟურნალისტს სალიამ. 

რეპლიკაზე, გაასაჯაროოს დერეფანში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, მინისტრი აცხადებს: 

 თავის დროზე ყველაფერს გაჩვენებთ, გამოძიება როგორც კი დასრულდება. ამას რამდენიმე თვე სჭირდება ხოლმე, როგორც წესი. გაიგებთ ყველაფერს თავის დროზე"- დასძინა იუსტიციის ახალმა მინისტრმა. 

ეს ყველაფერი არ არის, "შაბათის ეთერმა" ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე კითხვები  პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ კიდევ ერთ პირს, ციხეების უფროსს, ბეჟან ობგაიძესაც დაუსვა. 

სწორედ მისი პასუხისმგებლობაა ის, რაც საკნებსა და ციხის დერეფნებში ხდება, თუმცა ობგაიძეს სათქმელი არაფერი აქვს. 

ჩინოვნიკი, კი რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეზე ახლა კითხვებს უნდა უპასუხოს, "შაბათის ეთერის" კამერასთან არ გაჩერდა და თქვა მხოლოდ ის, რომ "არ სცალია". 

ბეჟან ობგაიძეს ქართული ციხეები, იუსტიციის ახალმა მინისტრმა პაატა სალიამ 18 ივნისს ჩააბარა. მისი დანიშვნიდან 20 დღეში კი, გლდანის ციხეში, გიორგი ბაჩიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ივანიშივლის საჩივრით დაკავებულ მისივე მილიარდების ყოფილ მმართველზე სასტიკი ანგარიშსწორებიდან უკვე 1 კვირა გავიდა და პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე, არც საკნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაუსაჯაროებია და ისიც კი არ უთქვამს, რომ გამოძიებამ თავდამსხმელს ბრალი წაუყენა.

ყველაფერი 27 წლის პატიმარზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს თავს დაესხა - ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები