მარცხი პირველ ტურში და ივანიშვილის პირადი განწყობა - ოპოზიცია ღარიბაშვილის მოსალოდნელ გაშვებას აფასებს

07.10.21 11:15
მარცხი პირველ ტურში და ივანიშვილის პირადი განწყობა - ოპოზიცია ღარიბაშვილის მოსალოდნელ გაშვებას აფასებს

მარცხი არჩევნების პირველ ტურში და მმართველ გუნდის კრიზისი- "ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენლები პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გათავისუფლებას ლოგიკურს უწოდებენ. 

პარტია "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, დარწმუნებულია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის მიმართ ნდობა დაკარგა, მას ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ. პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით კი პრემიერის ცვლილება ლოგიკურია. 

როდესაც "ქართულ ოცნებაში" პრემიერს ცვლიდნენ, ეს მასზე გაბრაზება იყო, ანუ ბიძინა ივანიშვილი ბრაზდებოდა და მთავრობის მეთაური ნდობას კარგავდა და შესაბამისად იცვლებოდა. იქ არგუმენტებს, რას აკეთებდა ან არ აკეთებდა, აზრი არ ჰქონდა. პირადი სიმპათია-ანტიპათიით, მოძულების პირობებში წყდებოდა პრემიერის შეცვლა. 

დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, რომ დიდ ქალაქებში და საერთოდ, რასაც ქალაქი ჰქვია, არის მეორე ტური და საარჩევნო კამპანიის წარმართველი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, დამარცხების შემთხვევაში, მოქმედი პრემიერის გადაყენება დღის წესრიგში დადგება"- ამბობს "პირველებთან" ჭიჭინაძე. 

ივანიშვილის გუნდიდან დემარშით წამოსული კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, არც იმას გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილის ბედი ირაკლი კობახიძემაც გაიზიაროს, რომელიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო: 

რაღაცა რადიკალური ცვლილების აუცილებლობის წინაშე, მმართველი გუნდი აუცილებლად დადგება. ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში იღებენ, როცა საფრთხე იმდენად ახლოს მოვა, რომ მათ ეს ფიზიკურად ეხებათ. ამ დროს ხდება უფრო სწარაფი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების მიღება. 

ღარიბაშვილი, როგორც პრემიერი, "ქართული ოცნებისთვის" პრობლემა არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ  ის რაღაც სიურპრიზებს არ მოუმზადებს მმართველ პარტიას. 

პასუხისმგებლობა მარცხზე არამხოლოდ ღარიბაშვილზე, რომელმაც კამპანია წარმართა, არამედ კობახიძეზეც გადავა, რომელიც საარჩევნი შტაბის ხელმძღვანელი იყო. 

ბევრი რამე, მათ შორის ცვლილება, მოხდება თუ არა, მე მაინც მგონია, რომ მეორე ტურის შედეგებზე იქნება დამოკიდებული"- აღნიშნა ბესელიამ. 

"პირველების" ინფორმაციით, ღარიბაშვილი სახლში მეორე ტურის შემდეგ წავა. პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს. 

მსგავსი სიახლეები