"ხარებას" ნაცვლად რომანი - ვის ჩააბარეს დარბევები?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "ხარებას" გაშვების შემდეგ, გდდ-ის ახალი ხელმძღვანელს, რომან ქარცივაძეს ყოველ დღე თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ.
"ტვ პირველის" ჟურნალისტ-გამომძიებელთა ოფისის ინფორმაციით, გადადგნენ არა მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეები, არამედ სისტემიდან წავიდნენ, სამმართველოს უფროსები. თანამდებობები დატოვეს სამმართველოების უფროსების მოადგილეებმაც - ეს ის ხალხია, ვინც ან დარბევებს გეგმავდა ან ადგილზე ხელმძღვანელობდა.
ხალხის წასვლას "ხარებას" შემცვლელი ადასტურებს, ამბობს, რომ თავად არავინ გაუშვია და განცხადებები ყველმა თავისით დაწერა.
ინფორმირებული ადამიანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ "დიდი ძალაუფლების მქონე ზვიად ხარაზიშვილის გაშვება, მას შემდეგ რაც მისი ხელით ქუჩაში გამოსულ ხალხს სიკვდილამდე სცემდნენ, მისი ერთგული ხალხისთვის სიგნალი იყო, როცა სისტემას ისინი აღარ დასჭირდება გაწირავს ისე, როგორც გაწირა "ხარება".
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზვიად ხარაზიშვილის გაშვების შემდეგ, გდდ-ის პირადი შემადგენლობა 200-მდე სპეცრაზმელმა დატოვა.
ხელმძღვანელების გარეშე დარჩა მასების მართვის, სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო.
- პირველი, ვინც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წავიდა, მესამე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზვიად ხარაზიშვილის, ხარებას ძმა- ალეკო ხარაზიშვილია.
- ხელმძღვანელების გარეშეა დარჩენილი სპეციალური ოპერაციებისა და მასების მართვის მთავრი სამმართველოები - წავიდა ზურაბ გულიტაშვილი.
- სისტემა დატოვა მილერი ლაგაზაურმაც, დაუდგენელია დარჩა თუ არა სისტემაში მისი შვილი ალუდა ლაგაზაური, რომელიც მამის მსგავსად, მიხეილ ყაველაშვილმა დააჯილდოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობაში ქვეყნის მასშტაბით 3200 სპეცრაზმელი ირიცხება. სამმართველოებისა და ხელმძღვანელი პირების უმეტესობა ზვიად ხარაზიშვილის ახლო მეგობარია.
ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კადრი იყო. მას სრული ნდობა და მოქმედებაში სრული თავისუფლება ჰქონდა. თანამდებობიდან გომელაურის გადაყენების შემდეგ ორი კვირაში თანამდებობა დატოვა ხარაზიშვილმაც. ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ მისი მოადგილეები - განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი მირზა კეზევაძე , მილერი ლაგაზაური და სისხლიანი დარბევებისას "ხარებას" მარჯვენა ხელი, იოსებ მარგველაშვილი, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ ჯგუფის ხელმძღვანელობდა, ვინც ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტისთვის გამოსულ მოქალაქეებს აგინებდნენ, ამცირებდნენ და ხელბორკილდადებულებს გონების დაკარგვამდე ურტყამდნენ.
სად წაიყვანა სპეციალური წვრთნა გავლილი ასობით სპეცრაზმელი ზვიად ხარაზიშვილმა ?!
რომან ქარცივაძე ამტკიცებს, რომ ყველა, ვინც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დატოვა, კერძო სამსახურში გადავიდა, სად არ ამბობს. წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ზვიად ხარაზიშვილი ცდილობს, ეს ხალხი კერძო დაცვის კომპანიებში დაასაქმოს.
ინფორმირებული ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამბობს, რომ წასვლის სერია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯერ არ დასრულებულა.