თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი წინაღობა "ქართული ოცნებაა" - ტატა ახვლედიანი
ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გახარიას გუნდის წევრი ტატა ახვლედინაი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის მთავარი წინაღობა სწორედ "ქართული ოცნებაა". პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდი სწრაფი ნაბიჯებით მიდის ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ და იმის გამო, რომ საკუთარი ძალაუფლება და ფული შეინარჩუნონ, მზად არიან, მოსახლეობამ ევროპული მომავალი დაკარგოს.
ეს გახლავთ მოსალოდნელი პასუხი ევროპარლამენტის მხრიდან იმ ყველაფერზე, რასაც ახორციელებს "ქართული ოცნება" უკვე თვეების განმავლობაში და რის გამოც მყარდება ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმი. ახლა უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ დღესდღეობით საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი წინაღობა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება და "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის ჩვენი ქვეყნის იზოლირება ევროპის ქვეყნებისგან და აშშ-გან იმისთვის, რომ საბოლოოდ დამყარდეს ავტორიტარიზმი, სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ დიქტატურისკენ და მთავარი აქ არის ის, რომ ძალაუფლების და ფულის დაკარგვის შიშის გამო, ჩვენი მოსახლეობა დღესდღეობით ჰკარგავს ევროპულ მომავალს, - ამბობს ტატა ახვლედიანი.
ივანიშვილის გუნდს ამჯერად ევროპარლამენტი აფრთხილებს, რომ "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".
ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია".
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის პარტიის მთავრობას არ აღიარებს.