კუპრაძე: ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად, ვუფრთხილდებით ახლანდელ და მომავალში საჭირო ერთობას
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში გუშინ თბილისში გამართული აქციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ძალიან კარგი იყო. პოლიტიკოსი განმარტავს, რატომ არ იყვნენ ოალიციის წევრები გუშინდელ აქციაზე წარმოდგენილები, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ძლიერი საქართველო" იქნება ყველა პროტესტსა და აქციაზე, რომელიც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იქნება გამართული.
გუშინდელი აქცია რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც ძალიან კარგი იყო, თან ეს ყველაფერი 19 ივლისს.
თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არ/ვერ ვიქნებოდით იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ვეთანხმებით.
სხვა აქციებზე, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისთვის და ა.შ. ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი. ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი მარში გავმართეთ და გავაძლიერეთ პროტესტი, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.
ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად, არ ვპასუხობთ ბრალდებებს, ჩვენ ვუფრთხილდებით ახლანდელ და მომავალში საჭირო ერთობასაც, რაც აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად.
მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში. ჩვენ ვიბრძვით ერთი მთავარი მიზნისთვის, საქართველოს რუსული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად, - წერს ირაკლი კუპაძე.