ივანიშვილი სააკაშვილს ქვეყნის განვითარებას და ევროკავშირის დროშის აღმართვას არ პატიობს - ჯაფარიძე

21.07.25 13:59
ივანიშვილი სააკაშვილს ქვეყნის განვითარებას და ევროკავშირის დროშის აღმართვას არ პატიობს - ჯაფარიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, რეალურად, არა სამართალს, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას ემსახურება. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ივანიშვილის „პირადი ტყვეა“, რომელიც რუსეთისადმი არათანმიმდევრული პოლიტიკისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის გამო ისჯება.

ეს არის ივანიშვილის მორიგი ე.წ სასამართლო პროცესი. ამ შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა, ყოველდღიურად ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილი მას ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, დროშა, რომელსაც დღეს ივანიშვილი და მისი გუნდი ფეხქვეშ თელავს და ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის
განვითარებას. აქ მოვედი სოლიდარობისთვის, რადგან ამ შენობაში შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ მოსამართლეები გამოიტანენ ობიექტურ განაჩენს, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

მსგავსი სიახლეები