ოპოზიცია კობახიძეს უხსნის, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი "პრორუსი"
ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის ითხოვს მტკიცებულებებს, თუ რატომ არის ივანიშვილი და მისი გუნდი პრორუსული, ოპოზიცია პასუხობს.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი "ოცნების" პრემიერს მათივე წარმოებულ ანტიევროპულ პროპაგანდას და იმ განცხადებას ახსენებს, რომლითაც მისი თქმით, ევროკავშირისკენ სვლა ოფიციალურად შეწყვიტეს.
რას აკეთებს ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი? და ბატონი კობახიძე და სხვები? ებრძვიან ევროკავშირს. პირდაპირ ჩართული აქვთ პროპაგანდა ევროკავშირის, მისი ინსტიტუციების გასაშავებლად. 28 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ საქართველომ დააპაუზა, პაქტიკულად, შეწყვიტა სვლა ევროკავშირისკენ, თავს ესხმიან ე.წ. "დიფ სთეითს" და ა.შ. ანუ ისინი მთლიანად ეწინააღმდეგებიან იმ დღის წესრიგს, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნდა და დღესაც გააჩნია. დანარჩენი, პრორუსულები არიან, ვისი დავალებით მუშაობენ, სპეცსამსახურები რომელი სხვა სააგენტოს თანამშრომლებით არის გამოტენილი, მოდით, ეს ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს და იმსჯელოს ამაზე, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ირაკლი კობახიძეს რიგ ფაქტებს ახსენებს გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდიაც.
გავრილოვის მასპინძელ ირაკლი კობახიძეს დაუჩივლია, რატომ გვეძახით რუსეთუმეებსო და მე ვფიქრობ, პასუხი მარტივია: როდესაც ირაკლი კობახიძე ღიად ამბობს, რომ ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ დაიწყო დასავლეთის წაქეზებით, რაც ღია ტყუილია და გადაწერაა იმ რეალობის, რომელიც რუსეთის ოკუპაციას უკავშირდება, როდესაც ანწუხელიძის გმირობას "ქართული ოცნება" ღიად აუფასურებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, როდესაც კონსტიტუციურ ვექტორს საქართველოს ევროპისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ისინი უპირისპირებენ ანტიდემოკატიულ და მათ შორის, ანტიდასალურ რიტორიკას, ეს კიდევ ერთხელ არის მტკიცებულება, თუ რატომ არის ირაკლი კობახიძე და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი რუსეთუმე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აკეთებენ რუსულ საქმეს და სწორედ ამ პროპაგანდით ისინი ცდილობენა ახლა, თავი იმართლონ სამშბლოს იმ ღალატის ქრონიკაში, რომელსაც ისინი დღეს საქართველოს ისტორიაში წერენ, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე ფაქტებს ითხოვს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ოცნების" პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისი თქმით, ანალოგიური ხდება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც, თუმცა, კობახიძის მტკიცებით, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება ჯერ არავის წარმოუდგენია.