მარიამ ლაშხი: კაცებს ძალით არ გაათხოვებენ
"ქართული ოცნების" წევრის აღიარება - მარიამ ლაშხი კამერების წინ ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს.
ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ევროგაერთიანება საქართველოს მოსახლეობას იმიტომ "სჯის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონს".
ლაშხმა ეს განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას გააკეთა, სადაც "ქართული ოცნების" პრემიერმა აღნიშნა, რომ "დღეს ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ - კაცი კაცია და ქალი ქალია".
ლაშხი ირწმუნება, რომ კობახიძის მსგგავსად ამ საკითხებზე ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატებიც საუბრობენ.
კითხვაზე რას ითხოვს ევროპა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ვიზალივერალიზაციის სანაცვლოდ, "ქართული ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ პარტნიორები "წინასაასრჩევნოდ, ყველანაირ მანიპულაციურ ხერხს მიმართავენ".
ჟურნალისტის რეპლიკაზე - "კაცებს ძალით გაათხოვებენ", ივანიშვილის გუნდის წევრი ამბობს: "არა, არა, ეს ამ თემის არასწორად უტრირებაა".
კიდევ ერთ შეკითხვაზე, რისი ეშინია "ოცნებას", ლაშხის პასუხი ასეთია: "ჩვენ არაფრის გვეშინია, ჩვენ გვეშინია ღმერთის, რომ არ მივიღოთ დასჯა...".
ცნობისთვის, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა.
ევროკომისია პირდაპირ წერს, რომ დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეჩერდეს.