"ოცნების" დუმილი ანექსიაზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ პასპორტებს არიგებენ
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების დარიგება გაამარტივა. 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანებით დგინდება, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს პასპორტის მისაღებად რუსეთში გამგზავრება აღარ დასჭირდებათ და დოკუმენტს ადგილზევე მიიღებენ.
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი განმარტავს, რომ ვლადიმერ პუტინს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ სისრულეში მოჰყავს, ამის საპასუხოდ კი ოფიციალური თბილისისგან სრული დუმილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია.
ვლადიმერ პუტინის განკარგულება ძალაში უკვე 4 დღეა შესულია, საქართველოს სუვერენიტეტზე კრემლის ახალ შეტევას კი ამ დრომდე მაკა ბოჭორიშვილი ფორმალური განცხადებითაც არ გამოხმაურებია. საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილის ახსნას, დღეს, "ქართულ ოცნებაში" ცდილობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის კრიტიკა ივანიშვილის პარტიას არ ეშლება.