ალეკო ელისაშვილის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა - ადვოკატი მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

22.07.25 11:46
ალეკო ელისაშვილის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა - ადვოკატი მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

  • კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრს  გამოძიება "ქართულ ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით ცემას ედავება. ეს მიხლი კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯვებე ნაჭყებიას ნაცვლად საქმე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაიბარა - მოსამართლის შეცვლის შესახებ ოპოზიციონერ ლიდერს და მის ადვოკატს რამდენიმე დღის წინ ეცნობა.

ალეკო ელისაშვილი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს აბსურდულს უწოდებს - "ეს საქმე სჭირდებათ იმისთვის, რამე რომ იყოს და დასჭირდეთ 3 წლით დამიჭირონ".

ერთი ვიცი, რომ მოსამართლე შემიცვალეს, რატომ გააკეთეს, რისთვის გააკეთეს, რას მიპირებენ  წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სამწლიანი მუხლია და დამაკავებენ ამ მუხლის გამო. აბსოლუტურ პოლიტიკურ დევნას მედავება ერთი ალი ბაბაევი, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალიან ცნობილი პოლიტიკოსია და მეორე მისი მეგობარი, ირანელი, რომელიც დაჟინებით ამტკიცებს, რომ მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი ალი ბაბაევს და ვდევნიდი, არადა ამ კაცმა ერთი ღერი ქართული არ იცის - რა მაგარი მოწმეა და რა მაგარი საქმეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პროვოკაცია იყო და უბრალოდ ჩემს წინააღმდეგ საქმე რომ ჰქონდეთ და რამე რომ იყოს და დასჭირდეთ 3 წლით დამიჭირონ, მაგისთვის არის ეგ საქმე, მეტი არაფრისთვის", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დაცვის მხარე მოსამართლის ცვლილებასთან ერთად, საქმის თავიდან დაწყებას არ გამორიცხავს. ადვოკატი ფიქრობს, რომ შესაძლოა, პროკურატურამ მოწმეებზე ზეწოლა განახორციელოს, რომ შემდეგ მათ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება.

უფლებადამცველის თქმითვე, დღეს ბრალდების მხარე გეგმავს პროცესზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენაც, რაც ადვოკატისთვის საფუძველს მოკლებულია, რადგან მისი თქმით,  ალი ბაბაევს რეალურად ახალი გამოკვლევა არ ჩაუტარებია.

 ეს სამხარაულის დასკვნა ეყრდნობა უკვე მანამდე არსებულ სამედიცინო დასკვნას და არის მისი გადაწერა - აცხადებს ადვოკატი.  

პროკურატურის მიერ მოყვანილმა მოწმემ თქვა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის უდანაშაულო. მოწმე იყო ის პირი, ფანჯრების მწმენდავი, რომლის ჯოხის გამოყენებით ეცადა ბაბაევი ელისაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენებას და იმ ჯოხის ტავში მორტყმას ცდილობდა. პირველი ამაზე წავედით, რომ შეიძლება არ მოეწონათ ის ჩვენება, რომელიც პროკურატურის წინააღმდეგ მოწმემ სხდომაზე მისცა. შეიძლება ცდილობენ ამ საქმის თავიდან დაწყებას, რომ შემდეგ დაამუშაონ ეს მოწმეები და ისეთი ჩვენებები მისცენ, რომელიც მათთვის არის უკეთესი. ვხედავთ, რომ დღეს აპირებენ რაღაც სამხარაულის დასკვნის წარმოდგენას, რომ ვითომ ალი ბაბაევს აქვს მძიმე დაზიანებები, იმ ფონზე, როდესაც ეს სამხარაულის დასკვნა ეყრდნობა უკვე მანამდე არსებულ სამედიცინო დასკვნას და არის მისი გადაწერა. რეალურად ახალი გამოკვლევა მას არ ჩაუტარებია და არ ვიცი, რა მიზანი აქვს პროკურატურას ამ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის", - აცხადებს ადვოკატი.  

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიტიკოსი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავსუფლეს.