შაიშმელაშვილი: „ოცნება“ მავნე პროპაგანდას ავითარებს, რათა უვიზოს გაუქმება გაამართლოს

22.07.25 11:50
შაიშმელაშვილი: „ოცნება“ მავნე პროპაგანდას ავითარებს, რათა უვიზოს გაუქმება გაამართლოს

 

 

უსაფრთხოების საკითხის მკვლევარი და "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფთხეებზე საუბრობს. შაიშმელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ  "ოცნებამ" უკვე აამუშავა "მავნე პროპაგანდა", რომლითაც საზოგადოებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას აგუებს. 

სპეციალისტის თქმით, ის ფაქტი, რომ ივანიშვილის გუნდი ამ შეზღუდვის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, ცხადყოფს, რომ "ოცნების" მიზანს სწორედ უვიზო მიმოსვლის გაუქმება წარმოადგენს.

შაიშმელაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ივანიშვილის გუნდი გეგმავს, ქვეყანაში ბელარუსის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი განამტკიცოს.

"ოცნებამ" აამუშავა ძალიან მავნე პროპაგანდა საზოგადოების მოსამზადებლად, როგორ შეფუთონ მათ უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მათ არ უცდიათ საკუთარ ამომრჩეველთან იმ ძალიან მინიმალური, პრინციპში, მოთხოვნების შესრულებაზე დაეწყოთ კომუნიკაცია და ეთქვათ, რომ "მე თქვენთვის, ქართველი ხალხისთვის, მზად ვარ, უკან წავიღო რუსული კანონი" და პრინციპში, ეს შეეძლოთ, გაეკეთებინათ ისე, რომ ავტორიტარიზმისკენ აღებული კურსი არ შეეცვალათ. რადგან ეს არ გააკეთეს, ნიშნავს, რომ მათი განზრახვაა, ამოცანაა, უვიზო მიმოსვლის გაუქმება. ამ პერიოდში, გაუქმებამდე, საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილის ემიგრაციას ელოდებიან ანუ იმ 300 ათას დაემატება კიდევ რამდენიმე ათასი, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გავიდა და ამი შემდგომ დაიწყებენ ბელარუსის ტიპის რეჟიმის საბოლოო განმტკიცებას, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.

ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. 

 

მსგავსი სიახლეები