არ გამოვრიცხავ, რომ ჩორჩანას საქმეში, გახარიას გარდა, კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს - შარმანაშვილი

23.07.25 15:50
არ გამოვრიცხავ, რომ ჩორჩანას საქმეში, გახარიას გარდა, კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს - შარმანაშვილი

ჩოჩანას საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ივანიშვილს გუნდს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. საუბარია ეპიზოდზე, რომელზეც პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული და რომლის ფარგლებშიც ყოფილი მაღალჩინოსნები პერმანენტულ რეჟიმში იკითხებიან.

თენაგიზ შარმანაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ჩორჩანაში ტერიტორიის დაკარგვა სწორედ ყოფილი შს მინისტრის პასუხისმგებლობაა, რომელზეც შესაბამისი ორგანოები იზრუნებენ. 

ამასთან, "ოცნების" წევრი არ გამორიცხავს, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე სხვა პასუხისმგებელი პირებიც გამოიკვეთონ.

ის არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე, რომელმაც გამოიწვია მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა. დროებით, მაგრამ დაკარგვა. რა ხარისხის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, ამას შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ. ამიტომ, ლევან იზორიას გამოძახებაც არის სწორი გამოძიებაში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი, ვინც რაიმე ინფომაციას ფლობს, უნდა იყოს გამოკითხული. 

საქართველოს პროკურატურა მუშაობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. იქ კიდევ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება და ვის წაუყენებენ ბრალს, მე ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ საქმის მასალები გამოძიების მე არ შეიძლება, ვიცოდე, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ გახარიას გარდა კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს, - ამბობს შარმანაშვილი. 

„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა. 

ცნობილია, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

 

მსგავსი სიახლეები