ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში მთავარ მტკიცებულებას ხმა არ აქვს

23.07.25 15:43
ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში მთავარ მტკიცებულებას ხმა არ აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ზვიად ცეცხლაძის საქმეში პროკურატურამ მთავარ მტკიცებულებად ისეთი ვიდეო ჩადო, რომელსაც ხმა არ აქვს.  (საუბარია „დაფიონის” facebook-გვერდიდან ჩამოტვირთულ 14-წუთიან ვიდეოზე). 

დღეს სინდისის პატიმრის საქმეზე  მოწმე ლევან ბასილაძე გამოიკითხა, ეს არის პირი, ვინც ამბობს, რომ ვიდეოს კომენტარები დაათვალიერა და დათვალიერების ოქმს დაურთო.

სწორედ მოწმის დაკითხვისას პროკურორს სურდა, რომ მისთვის ჩაერთოთ  ვიდეო, სადაც ხმები ისმოდა, თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაცვის მხარისთვის გადაცემულ ვერსიაში 14 წუთიან ვიდეოს ხმა არ აქვს. 

საბოლოოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ ჰქონდა თუ არა საქმეში ჩადებულ ვიდეოს ხმა,  დალუქული, დისკზე ჩაწერილი ვიდეო გახსნა, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ ჰქონდა.

დასაწყისში ბრალდების მხარე ცდილობდა საკუთარი ლეპტოპით წარედგინა ვიდეომასალა, რომელსაც ჰქონდა ხმა. ამის შემდეგ მე საოქმოდ დავაფიქსირე, რომ ეს ვიდეო არ უნდა ყოფილიყო ჩართული, რადგან დაცვის მხარეს გადმოეცა უხმო ვიდეო და ვითხოვდით დედნის ჩართვას, რაზეც პროკურორის პოზიცია იყო ის, რომ, თითქოს, მე ვიტყუებოდი და ვიდეოს ჰქონდა რაიმე სახის ხმა. ამის შემდეგ მას მივუთითე, რომ ამ საქმეში ერთადერთი ვინც ცრუობდა და რიგ მტკიცებულებებს აყალბებდა იყო ბრალდების მხარე. ამის შემდეგ მოვითხოვე დედანი ვიდეოს ჩართვა. ზვიად ცეცხლაძეს, 14-წუთიან ვიდეოში ედავებიან იმას, რომ თურმე ვინმეს რაღაცას მოუწოდებდა და რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა ვერბალური სახით, მაგრამ ბრალდების მხარეს თურმე საქმეში უდევს 14- წუთიანი ვიდეო, სადაც ედავებიან ზვიად ცეცხლაძეს, რომ რაღაცას ლაპარაკობს და ამით დანაშაულს ჩადის, მაგრამ ვიდეოს ხმა არ აქვს.

შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებით ამ ვიდეოს ნაწილში ბრალდება ვერ დაუდასტურდება ზვიად ცეცხლაძეს, მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არაფერი არ ისმის. ეს ყველაფერი დაადასტურა მოწმემ, რომელიც იკითხებოდა, რადგან საოქმოდ გვჭირდება ეს და თავად განაცხადა, რომ ამ ვიდეოში არანაირი ხმა არ ისმის“, - განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები