ექსპერტი: გენერალი, რომელიც ომში იბრძოდა, რანაირად შეიძლება, ენდობოდეს კომისიას, რომლის მიზანია, საქართველოს დასდოს ბრალი აგვისტოს ომში
გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ ის ენდობა წულუკიანის კომისიას, ჩემთვის საგანგაშოა - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
შაიშმელაშვილი განსაკუთრებულად საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ომში მებრძოლი გენერალი დღეს ენდობა კომისიას, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის დადანაშაულებას ცდილობს 2008 წლის ომში.
ექსპერტმა ყურადღება ჩაჩიბაიას განცხადებაზე გაამახვილა, როდესაც პროკურატურიდან გამოსულმა ექსპერტმა თქვა, რომ "ჩორჩანაში საგუშაგოების აღმართვაზე ინფორმირებული არ იყო".
გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ეს ასეც რომ ყოფილიყო, სამხედრო მეთაურს ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს:
ჩემთვის ეს ინფომაცია არ არის სარწმუნო და რომც დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი ასე იყო, ეგ არ ათავისუფლებს ამ ადამიანებს ამ პასუხისმგებლობისგან, იმიტომ, რომ ისინი ვალდებულები იყვნენ, სცოდნოდათ ამ საკითხების შესახებ. თუნდაც, თავდაცვის სამინისტროს აქვს საკუთარი დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ფუნქციაა, საოკუპაციო ხაზის გასვწრივ არსებულ რეალობაზე, მუდმივად ახდენდეს ამის მონიტორინგს და ახდენდეს გადაწყვეტილების მიმღების ინფორმირებას. მათ შოის იმ დროინდელი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ ჩაჩიბაიას. ეს არ არის ჩემთვის სარწმუნო. მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ ის ენდობა წულუკიანის კომისიას, ჩემთის ეს არის საგანგაშო უკვე იმის გამო, რომ ამ კომისიის ერთ-ერთი მიზანია, საქართველოს დასდოს ბრალი 2008 აგვისტოს ომში. ეს არის ჩემთვის საგანგაშო, რომ გენერალი, რომელიც იმ ომში იბრძოდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა, შემდეგ დარჩა ხელისუფლებაში და მაღალი თანამდებობები ეიკავა იმავე ხელისუფლების პირობებში, რაინაირად შეიძლება, იზიარებდეს ამ ყველაფერს?, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია პროკურატურამ სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გუშინ გამოკითხა.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა.
ცნობილია, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.