ლევან იზორია ამტკიცებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა მედიით გაგო

23.07.25 16:45
ლევან იზორია ამტკიცებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა მედიით გაგო

პროკურატურიდან გამოსული ლევან იზორია ამტკიცებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახნა მედიით გაგო - თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გუშინ გამოკითხა.

მისი თქმით, გამოძიების ძირითადი კითხვა შეეხებოდა, იყო თუ არა ის საგუშაგოს აღმართვის შესახებ საქმის კურსში, რაზეც იზორიას თქმით, პროკურატურას უპასუხა, რომ მას ინფორმაცია არ გააჩნდა. 

ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ მას ინფორმაცია არც არაოფიციალურად მიუღია: 

ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი განხილვა არ ყოფილა. 

კანონმდებლობა ითვალისწინებს სამ თვეში ერთხელ მაინც შეკრებას, მით უფრო რომ მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერმინისტრს და ჩაატაროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა, ეს იყო 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო საბჭო. ხოლო, ამ თემაზე, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მით უფრო, პრემიერმინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სუს-ი. ასეთი სხდომა არ ჩატარებულა"- განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ლევან იზორიამ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს "პირველებმა" ჰკითხა, საიდან გაიგო ჩორჩანაში, ე.წ. საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაცია, ლევან იზორია ამბობს, რომ ინფორმაცია მედიით მიიღო. 

კიდევ ერთ შეკითხვაზე, იყო თუ არა პროცესში სამხედრო დაზვერვა ჩართული ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს: 

მე გავიგე საჯარო ინფორმაციების საფუძველზე, მასმედიის საშუალებით, მაშინ უკვე, როცა განთავსდა კონკრეტული საგუშაგო კონკრეტულ პოზიციაზე. [სამხედრო დაზვერვა] ჩართული არ ყოფილა. საოკუპაციო ხაზზე, მითუფრო მის ზონაში, მიმდებარე ტერიტორიებზე თავდაცვის უწყებას არ ჰქონდა არანაირი კომპეტენცია, ეს იყო წმინდა საპოლიციო მოქმედებების სფერო და არეალი.

მე როგორც თავდაცვის მინისტრი, საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში აღარ ვიყავი მინისტრი, ამიტომ რამეს დაზუსტებას საშუალება არ მექნებოდა. ასევე იცით, რომ ორი თვის შემდეგ, ნოემბერში მე დავინიშნე უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, ესეც მოწმობს, მაშინ უსაფრთხოების თემებს რამდენად სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან"- აღნიშნა იზორიამ.

ექსმინისტრმა "ქართული ოცნების" განცხადებების მსგავსად, თქვა, რომ 2019 წელს "ტერიტორიები დაიკარგა", რაზეც პასუხისმგებლობა იზორიას თქმით, გიორგი გახარიას ეკისრება: 

სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მით უფრო ასეთი ოკუპაციის დროს, არის ყველაზე მნიშნელოვანი პრიორიტეტი და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვიღებთ სავალალო შედეგებს, მორიგი ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით, სამწუხარო ფაქტია.

მთავარი პასუხისმგებელი არის ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, მით უფრო გადაწყვეტილების მიმღები, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება. ინიციატივის ავტორიც თვითონ არის.

მას [გიორგი გახარიას] როგორც პასუხისმგებლიან პირს, უნდა გამოეყენებინა უსაფრთხოების საბჭო, მარჩიელობაზე და მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული, ფორმატებში უნდა მოხდეს თემების განხილვა. უნდა განეხილა პასუხისმგებლობიან ფორმატში, როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე"- თქვა მან. 

გუშინ ამავე საქეზე პროკურატურას ჩვენება მისცა საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა  ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

მისი თქმით, თავდაცვის ძალები ჩორჩანა-წნელისთან საგუშაოების აღმართვაზე ინფორმირებულები არ ყოფილან.

„არ ვიცოდი, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მსგავსი სიახლეები