"კორუფციის ლეგალიზების სქემა" - ბუაძე სახელმწიფო დასაქმების პროგრამაზე
კორუფციის ლეგალიზების სქემა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგარამას შეეხება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ბენეფიციარების დიდი ნაწილის დასაქმება პარტიული ერთგულების მიხედვით ხდება, ხოლო საშტატო ერთეულები აბსურდულად გაბერილია.
მოიფიქრეს კორუფციის ლეგალიზების ერთგვარი სქემა, სადაც პარტიული დასაქმება ხდება აი, ამ ე.წ. ვითომ სოციალურად დაუცველების დახმარების პროგრამის სახით, სადაც ბენეფიციარების დიდი ნაწილის შერჩევა ხდება სწორედ პარტიული ერთგულების მიხედვით, სადაც გამოგონილია ერთგვარი საშტატო ერთეულები და გვხდება ძალიან ბევრი კომიკური შემთხვევა, სადაც თიანეთის სასაფლაოზე არის 126 მომვლელი, - ამბობს საბა ბუაძე.
„ფლანგვის დეტექტორი“ აქვეყნებს კვლევას, სადაც ასახულია, როგორ იხარჯება დასაქმების სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული მილიონები და როგორ ბადებს არსებული პრაქტიკა ეჭვს პროგრამის მიზნებსა და გამჭვირვალობაზე.
კვლევის მიხედვით, 2022 წელს დაწყებული ინიციატივა, რომლის ოფიციალური მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შრომით ბაზარზე ინტეგრაცია, რეალურად, არ ემსახურება არც სიღარიბის შემცირებას, არც საზოგადოებისთვის რეალური სარგებლის შექმნას.
ბენეფიციარები ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს და საარსებო შემწეობას, ხოლო პარალელურად, მცირე ანაზღაურებით, თვეში მაქსიმუმ 300 ლარად, საქმდებიან ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე. რიგ შემთხვევებში ეს პოზიციები ან ფიქტიურად გამოიყურება, ან კი აშკარად არ შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს.