ხოკრიშვილი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაის შემთხვევაში, 150 -200 ათასი სამუშაო ადგილი შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, გუჯა ხოკრიშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება გამოიწვევს.
დიპლომატი მიიჩნევს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ზიანიც მიადგება.
მისი შეფასებით, ვიზალიბერალიზაციით შედეგად გააქტიურებული ფულადი გზავნილები და ტურიზმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ხოლო შეჩერების შემთხვევაში, მილიონობით დოლარის დანაკარგთან ერთად, 150–200 ათასი სამუშაო ადგილი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს.
როდესაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა, დაახლოებით, სტატისტიკურად შეგვიძლია, ვნახოთ, რომ ეს გზავნილები ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან საქართველოში თითქმის გაორმაგდა. ეს არის ფულადი გზავნილები, რომელიც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ სეზონურად შეუძლიათ, იმუშავონ, გამარტივებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გასვლა და ა.შ. და ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი დგას სწორედ ამ ფულად გზავნილებზე. როდესაც ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია, მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ზუსტად ამ გაზრდით გათვალისწინებით, შეიძლება, ავიღოთ ორი დაშვება: ერთი არის ოპტიმისტური, რომ 50%-ით შეიძლება, შემცირდეს ან პესიმისტური - 70%-ით ევროკავშირის წევრი ქევყნებიდან ეს ტურისტები და იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემოსულ ტურისტებს ეკონომიკურად რა რაოდენობის სარგებელი მოჰქონდათ ეკონომიკისთვის, ეს არის 2 მლრდ ამერიკული დოლარი. დასაქმება, იგივე პროცენტით თუ გადავიყვანთ ანუ შეიძლება, 150 ათასი, 200 ათასი სამუშაო ადგილი დადგეს საფრთხის ქვეშ. ამას ემატება სოცალური განზომილება. თუ ფულადი გზავნილები შემცირდება, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები თავის დარჩენილ ოჯახის წევრებს ეხმარებიან, ეს ხომ დააწვება ამ ოჯახებს?, - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.
ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.
ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ამ ფონზე კი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქვეყანაში მიგრაციას შეამცირებს.