სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა - გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა, გულგრილობა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და დაუდევრობა - კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
გაიოზ ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ პაციენტის მკურნალობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
ირკვევა, რომ ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე მკურნალობდა და არა 12 დღის განმავლობაში, როგორც ეს კლინიკამ გაავრცელა.
გარდაცვლილი ბიჭის მამას ეჭვებს უჩენს კიდევ ერთი გარემოება, გაიოზ ჩიქოვანის მტკიცებით, მას სამედიცინო დოკუმენტაციას არ აძლევენ, მეტიც კლინიკაში შვილმკვდარ მამას უთხრეს, რომ ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პერიოდში ამ დროის განმავლობაში რესპუბლიკურში ვიდეოკამერები გაუმართავი იყო და ჩანაწერები არ გაკეთებულა.
როდესაც მე და ჩემმა კოლეგამ მივმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, შესაბამისად, მოვითხოვეთ ჩემი შვილის ყველა დოკუმენტაცია, ვითხოვდით ვახტანგ ჩარკვიანზე ვიდეოჩანაწერების ასლებს, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა მისი კლინიკაში შემოყვანის ფაქტი, შემოყვანის დღიდან განთავსებისა და გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მასზე გაკეთებული ყველა ჩანაწერი და მართვით აპარატზე ყოფნის სრული ჩანაწერები, სხვა პაციენტების სახის დაფარვით. თურმე 11 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერები გამოსულია მწყობრიდან და არ ხდება ვიდეოჩანაწერის განხორციელება. ერთი თვის განმავლობაში, ვის ატყუებენ?", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.