კიდევ ერთი ჩვენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ - რა უთხრა პროკურატურას ლევან იზორიამ?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნა ტელევიზორიდან შეიტყო. ასე ლევან იზორიამ კიდევ უფრო გაამყარა "ქართული ოცნების" ბრალდება გიორგი გახარიას წინააღმდეგ რომ ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, თვითნებურად მოქმედებდა. იზორია "ქართული ოცნების" მსგავსად, ტერიტორიის დაკარგვაში ადანაშაულებს გიორგი გახარიას, რომელიც გუნდმა ჩორჩანას მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში პრემიერად დაასახელა და პარტიული სიის პირველ ნომრად წარადგინა.
ვრცელი კომენტარი ლევან იზორიამ სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ გააკეთა. მის ჩვენებას გენერალური პროკურატურა სავარაუდოდ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოიყენებს. იზორია 2019 წელს თავდაცვის მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იყო. მას კანონიერი უფლება ჰქონდა, ამბის გაგებისთანავე მოეთხოვა საბჭოს შეკრება და რისკები გუნდთან ერთად განეხილა. მით უფრო იმ ფონზე, როცა საგუშაგოს დადგმას ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმი და მუქარა მოჰყვა.
ლევან იზორიას მტკიცება ინფორმაციის არქონის ან შესაძლებლობის ნაკლებობის შესახებ ცდება ჩვენებას, რომელიც პროკურატურას გუშინ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მისცა. თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ამბობს, რომ საგუშაგოს დადგმიდან მალევე მან ჯარი მზადყოფნაში მოიყვანა. ამ დროს მინისტრი ამბობს, რომ ვერაფერი მოახერხა.
ქართული ოცნების ლოგიკას რომ მივყვეთ, გიორგი გახარიამ ქართული საგუშაგოს ჩადგმით ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დააყენა და ამის შესახებ ინფორმაცია ვერავინ მიიღო. არაფერი იცოდა მათ შორის არც სამხედრო დაზვერვამ. ეს ექსპერტების თქმით, კიდევ უფრო მასშტაბურ პრობლემაზე - სახელმწიფოს ფუნქციონირების ნაკლოვანებაზე მიუთითებდეს.