სად წავიდა 100 მილიონი?
100 მილიონი წლიურად სოციალურად დაუცველების დასასაქმებლად - რეალური დასაქმება თუ პარტიის ერთგულების სანაცვლოდ ფიქტიური სამსახურის მიცემა?! ამინდზე დამკვირვებელი, სტადიონის დამლაგებელი, სასაფლაოს მომვლელი ან აზის გამწმენდი - ძირითადად სოციალურად დაუცველები ამ შტატებს იღებენ. ინარჩუნებენ სოციალურ დახმარებასაც და იღებენ ხელფასსაც. მკვლევარები ეჭვობენ, რომ დასაქმების პროგრამა ერთი მხრივ ფიქტიური თანამდებობების შესაქმნელ სისტემად და მეორე მხრივ უმუშევრობის შემცირების ბერკეტად იქცა.
ფლანგვის დეტექტორმა შეაგროვა მონაცემები - ვის, სად ასაქმებენ. ირკვევა, რომ მხოლოდ მესტიაში - სტადიონის დამლაგებლად 143 სოციალურად დაუცველი მუშაობს, წყლის სატავე აუზის გამწმენდად კი 170. მარტვილში მხოლოდ კეთილმოწყობის სამსახურში 859 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. დუშეთში მეეზოვეებად და დამლაგებლად 586 ადამიანი. გარემოს დაცვის სამინისტროში კი არც მეტი არც ნაკლები , 79 სოციალურად დაუცველი ამინდზე დამკვირვებლად დაასაქმეს.
თიანეთის კეთილმოწყობის სამსახურში 325 სოცუალურად დაუცველი მუშაობს. ახალქალაქში კი სასაფლაოს მომვლელად 51 ადამიანი. ეს რიცხვები აჩენს კითხვას, ეს საქმიანობა რეალურია, თუ სოციალურად დაუცველებს აფორმებენ, ხელფასს უხდიან და ისინი სამსახურშიც არ დადიან? კორუფციის მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ფორმით ქართული ოცნება სოციალურად დაუცველების ხმებს, მორჩილებას და ერთგულებას ყიდულობს.