"დიდი თაღლითური სქემაა" - წულუკიანის განცხადებაზე შეფასებები კეთდება

24.07.25 12:18
"დიდი თაღლითური სქემაა" - წულუკიანის განცხადებაზე შეფასებები კეთდება

საქართველოზე მომზადებულ ვრცელ ჟურნალისტურ ნაშრომში, თეა წულუკიანის უცხოელ კორესპოდენტთან, უცხო ძალების არსებობის შესახებ მტკიცებას ექსპერტები ეხმიანებიან და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება", ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე ავრცელებს საბჭოთა კავშირის მსგავს პროპაგანდას.

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" პროპაგანდისტული ტაქტიკა სჭირდებოდა, რასაც ყველაფერს გადააბრალებდა და პასუხს არ მიიღებდა. 

მისი თქმით, ეს ტაქტიკა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა "არარსებულ მტერთან ბრძოლაში საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისთვის". 

"ქართულ ოცნებას" სჭირდებოდა სტრატეგია, პროპაგანდისტული ტაქტიკა, რასაც ისინი გადააბრალებდნენ ყველაფერს და ამავდროულად, არანაირ პასუხს აღარ მიიღებდნენ. ეს არის ცნობილი ავტორიტარული მეთოდი, რომელიც გამოყენებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ირჩევდნენ არარსებულ მტერს და შემდეგ ამ არარსებულ მტერთან ბრძოლაში ხდებოდა საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. 

საქართველოს შემთხვევაში ეს კიდევ უფრო სამწუხარო და კომიკურია იმიტომ, რომ ეს იმდენად საბაზისო შეთქმულების თეორიაა, რომელიც წესით არავინ არ უნდა დაიჯეროს, იმდენად უცხო არის ჩვენთვის ქართველებისთვის და იმდენად უცხო არის ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ორჯერ ორის ნახვა," - აცხადებს მელაშვილი. 

"ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ "ნებისმიერ შემთხვევაში ეს ერთი დიდი თაღლითური სქემაა". მისი თქმით, გაუგებარია "ოკუპანტ რუსეთთან თუ ლაპარაკობენ, რატომ არ უნდა ილაპარაკონ ვიღაც მითიურ დიფ სთეითთან". 

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ერთი დიდი თაღლითური სქემაა, როდესაც საუბრობენ ამ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებაზე, ვინაიდან თუ "ქართული ოცნების" მრწამსი არის ის, რომ ყველას უნდა ელაპარაკო და მათი მთავარი ლოზუნგი, იმთავითვე როდესაც ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, 13 წლის წინ, ამბობდნენ, რომ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ, მაშინ გაუგებარია რუსეთთან თუ ლაპარაკობ ოკუპანტთან, მტერთან, ჩვენი მოსახლეობის ამაოხრებელთან და მკვლელთან რატომ არ უნდა ილაპარაკო ვიღაც მითიურ დიფ სთეითთან, რომელსაც კერ-ჯერობით კაცი არ მოუკლავს საქართველოში. 

ამ შემთხვევაში, ვინაიდან აუდიტორია იყო უცხოენოვანი წულუკიანი ცდილობდა, რომ უფრო სერიოზულად წარმოჩენილიყო. ცხადია ეს არ გამოუვიდა და ტოტალურად ჩავარდა ეს ინტერვიუც. მაგრამ ამით იყო განპირობებული ის რაღაც დანამატები და გადახვევები იმ პარტიული ხაზიდან, რომელსაც აქამდე ვისმენდით," - განაცხადა ბიბილაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტრვიუში განაცხადა, რომ არ იცის ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები. 

მსგავსი სიახლეები