დაცვის მხარე ნიკა მელიას განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. მისი თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ გამოიყენეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში შეკრებითობის პრინციპი და ყველაზე მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან არანაირი დადებითი მოლოდინი არ გააჩნია.
განაჩენი არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო. ვერ ასაბუთებს იმას, თუ რატომ გამოიყენა ნიკა მელიას შემთხვევაში შეკრებითობა და ასევე, ვერ ასაბუთებს იმას, რატომ გამოიყენა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა. ჩვენს საჩივარში დეტალურად არის მითითებული, თუ რატომ არ უნდა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი სასჯელი, მათ შორის რატომ იყო უპრეცედენტო განაჩენი შეკრებითობის ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ გაგვაჩნია მართლმსაჯულების ორგანო სააპელაციო სასამართლოსგან არანაირი დადებითი მოლოდინი არ გვაქვს," - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.
ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ასევე აეკრზალა, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
[ფოტო: არქივი]