პროკურატურაში დავით სუჯაშვილის დაკითხვა დასრულდა - დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გამოკითხვის შემდეგ

24.07.25 16:12
პროკურატურაში დავით სუჯაშვილის დაკითხვა დასრულდა - დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გამოკითხვის შემდეგ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით პროკურატურამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი გამოკითხა.

სუჯაშვილმა მედიასთან თქვა, რომ  ჩორჩანაში საგუშაგოს ჩდგმა არც დაზვერვის სამსახურისთვის იყო ცნობილი. მისივე თქმით, ინფორმაცია ღია წყაროებიდან გაიგო.

დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა იქვე განმარტა - მიუხედავად იმისა, რომ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ქონია, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ამ ინფორმაციის დაზვერვის სამსახურისთვის მიწოდება სავალდებულო არ იყო.

სუჯაშვილის განმარტებითვე, ის პროკურატრაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. 

კითხვაზე, იყო თუ არა დაზვერვის სამსახურის ვალდებულება გაერკვია, რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ეს მის ვალდებულებაში არ შედიოდა:  

დაზვერვის სამსახური, ისევე, როგორც სხვა სპეციფიური სამსახური, მუშაობენ თავის ჩარჩოებში. დაზვერვის სამსახური, სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა. დაზვერვის სამსახური აქტიურად არ არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში მე რომ ეს ინფორმაცია არ მცოდნოდა ამაში პრობლემას მე ვერ ვხედავ. 

სამწუხაროდ, ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. (საგუშაგოს გახსნა). კარგი იქნებოდა, მანამდე მცოდნოდა ეს ინფორმაცია."- თქვა სუჯაშვილმა. 

ამის შემდეგ "პირველები" დაინტერესდა, თუ არ იყო მნიშვნელოვანი ფაქტი, იცოდა თუ არა დაზვერვის სამსახურმა საპოლიციო საგუშაგოს გახსნის შესახებ, რატომ გამოკითხეს ის მოწმის სახით პროკურატურაში.

როგორც გითხარით, ჩატარდა რეფორმა, შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ეს არის კანონი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კორდინაციის წესის შესახებ. ეს კანონი არეგულირებს ამ საბჭოს საქმიანობას. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არის მუდმივი წევრი ამ საბჭოსი, აქედან გამომდინარე დამიძახეს მე"- დასძინა დავით სუჯაშვილმა. 

კიდევ ერთ შეკითხვაზე, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გაიგო, მიმართა თუ არა პრემიერმინისტრს ან მოითხოვა თუ არა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩანიშვნა, დავით სუჯაშვილი აღნიშნავს, რომ "ყველა სპეცსამსახური მუშაობს თავის ჩარჩოებში". 

არასწორად მიმაჩნია, როდესაც ერთი სამსახური მეორე სამსახურის საქმიანობაში ერევა. ოკუპაციის ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის საზღვრებს შიგნით რაც ხდება, საზღვრებს მიღმა მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო"- დასძინა მან. 

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები