ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური - აღმოუჩინა თუ არა დარღვევები ანტიკორუფციულმა ბიურომ ექს-მაღალჩინოსნებს
ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური კორუფციულ სკანდალს გადაურჩნენ. რაჟდენ კუპრაშვილი ირწმუნება, რომ მათ დეკლარაციებში კორუფციის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ოპოზიციას უჩნდება ეჭვი, რომ "ოცნებამ" ექს მაღალჩინოსნების მხილება გადადო და ამისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება, ისევე როგორც ეს რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში მოხდა. კუპრაშვილმა დღეს თქვა, რომ მიქაუტაძის კორუფციულ გარიგებებზე 2023 წლიდან იცოდა, მაგრამ რეაგირება ამ საქმეს ორი წლის შემდეგ მოჰყვა.
შეისწავლა თუ არა ანტიკორუფციულმა ბიურომ თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არსებობს კითხვები ყოფილი მაღალჩინოსნები სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე და თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა - დაწერა წერილიც და მის წინააღმდეგ კორუფციულ ბრალდებებზე ისაუბრა - რაჟდენ კუპრაშვილმა რიჟვაძის საკითხი ღიად დატოვა.
კორუფციული გარიგებების მხილების მოტივით, "ქართული ოცნება" ე.წ. დანოსებს აბრუნებს და მას მამხილებლის სახელს არქმევს - ახლა შესაძლებელი ხდება, რომ საჯარო მოხელე ისე დაადანაშაულოს მოქალაქემ ან მისივე კოლეგამ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში, რომ ბრალდებულს არ ეცოდინება ვინ უჩივლა. ამის შესახებ დღეს რაჟდენ კუპრაშვილმა კიდევე რთხელ ისაუბრა.
ე.წ. დანოსების დანერგვით ქართული ოცნება საბჭოურ მეთოდებს აბრუნებს და საჯარო მოხელეების დაშინებას ცდილობს - ამბობენ ლელოში და თვლიან, რომ დღეს დაანონსებულ ინიციატივას კორუფციული გარიგებების მხილებასთან საერთო არაფერი აქვს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.