კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე ძალადობრივი გამოსახლების პროცესს საგანგებო ლაივ ჩართვით ეხმაურება
კახა კალაძე თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე ძალადობრივი გამოსახლების პროცესს საგანგებო ლაივ ჩართვით ეხმაურება.
კალაძე ამბობს, რომ “ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი, მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან. დანარჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესის შესაბამისი უწყებების მხრიდან”.
არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით, დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, სადაც მაგალითად ფიქსირდება დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიიღო საცხოვრებელი ფართი და ის გაყიდა.
ასევე, დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში. აი, ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან მას სახლიც აქვს, საკარმიდამო მიწებიც, ავტომანქანებიც და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ.
გახსოვთ ალბათ, რა აგრესიული კამპანია მიდიოდა, როდესაც თბილისის მერიამ გაამკაცრა ზომები მიტაცებულ მიწებზე უკანონო მშენებლობებთან მიმართებით. უზარმაზარი ძალა უპირისპირდებოდა კანონს და სახელმწიფო ქონების დაცვას. ისიც გახსოვთ, როგორ ვამხილეთ ამ მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ და ძალადობრივი გზით ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების ხელში ჩაგდებას. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება, მაგალითად, მე რომ რეგიონში ვფლობდე საცხოვრებელ სახლს, ნაკვეთს და გადავწყვიტო ჩამოვიდე დედაქალაქში და მუნიციპალიტეტის მიწა მივიტაცო და იქ რაღაც ავაშენო, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არასწორია. მე არავის ვუპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას, ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს დილიდან პოლიცია მივიდა და მოქალაქეებს ასახლებს. მათ შორის არიან დევნილები და ბავშვიანი ოჯახები. თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღეა, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.