სალომე ზურაბიშვილი საბა სხვიტარიძეზე: ნორმალურ ქვეყანაში წესით ახლა უკვე თავისუფალი უნდა იყოს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის საქმეს ეხმაურება და წერს, რომ “ნორმალურ ქვეყანაში, ახლა ის უკვე თავისუფალი უნდა იყოს და კომპენსაციასაც უნდა უნიშნავდნენ.“
“თავისუფლება საბას“-წერს ზურაბიშვილი.
წესით ახლა უკვე თავისუფალი უნდა იყოს. და ციხეში გატარებულ დროისთვის კომპენსაციას უნდა უნიშნავდნენ… ნორმალურ ქვეყანაში!
თავისუფლება საბას (იურისტი საბა ბრაჭველი წერს ამ ამბავთან დაკავშირებით და კარგად განმარტავს),- წერს მეხუთე პრეზიდენტი.
სინდისის პატიმარ, საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მას ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ.
ხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ არსებობს არაერთი საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.