ევროპარლამენტის მეორე გაფრთხილება ერთ კვირაში – „ ოცნება“ ისევ იერიშით პასუხობს
ევროპარლამენტმა ერთ კვირაში უკვე მეორედ და იდენტური გზავნილით გააფრთხილა „ქართული ოცნება“. ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ ივანიშვილის პარტიის „ავტორიტარული კურსი“ არ შეიცვლება.
6-დღიანი ინტერვალით გამოქვეყნებული ორი განცხადება ერთსა და იმავე მოწოდებას იმეორებს - მკაფიოდ მიჯნავს ხალხს და მთავრობას, ხოლო მხარდაჭერას მხოლოდ ქართველ ხალხს უცხადებს.
ევროპარლამენტმა განცხადებას თან დაურთო ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ის არ აღიარებს „ოცნების“ მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანამ „ავტორიტარიზმისკენ გადაუხვია და სახელმწიფო მიტაცების მსხვერპლი გახდა“. პოსტს ქართველ მომხმარებელთა მხრიდან, ათასობით კომენტარი მოჰყვა.
"ქართულ ოცნებაში" კი პოზიცია არ შეცვლილა - ივანიშვილის გუნდში კვლავ ამტკიცებენ, რომ დასავლეთი „მტრულადაა განწყობილი“ და ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება უსამართლოა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.