დაშინება, მოსყიდვა, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლა - ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებენ
დაშინება, ხმათა მოსყიდვა, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლა და უთანასწორო სივრცე - კიდევ ერთი მძიმე შეფასება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორებისგან.
ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს.
ჩვენ ვიზიარებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა, გარემო მოწამლა ძალიან გავრცელებულმა და მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, ხმათა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და უთანასწორო სივრცემ- ნათქვამია მიმართვაში.
განცხადების ავტორები იზიარებენ ODIHR-ის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე, რესურსების გადანაწილების თვალსაჩინო დისბალანსსა და კამპანიის დაფინანსების არასაკმარის კონტროლზე, კამპანიებში ქალთა ნაკლები ხილვადობაზე, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასა და ჟურნალისტებზე ზეწოლაზე.
მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს განგრძობადი პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი იმისა, რომ ესა, თუ სხვა საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა მისაღები გახდეს, როგორც გარდაუვალი"- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ევროპარლამენტარების შეფასებით, ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესს.
მათი თქმით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.