რას გულისხმობს რუსეთთან ახალი “გეორგიევსკი ტრაქტატის” იდეა - რა გეგმა აქვს ექს გენპროკურორს?
ოთარ ფარცხალაძის პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში „ახალი ფაზის“ დაწყებას და „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვს. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია აცხადებს, მათ ხელთ აქვთ 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.
ასევე, არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს მამუკა ფიფიას და ოთარ ფარცხალაძის მოლაპარაკებებს პუტინის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფთან „ღამის მგლები“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ღიად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და ადრე ყირიმის ანექსიას. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში „ღამის მგლების“ ფილიალის გახსნაზეც.
რუსეთთან ახალი პოლიტიკური შეთანხმების შესახებ საუბარი პრორუსულმა ძალებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და სწორედ მაშინ განაცხადეს, რომ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებდნენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ საკითხზე დღეს კამერებთან არ გამოჩენილან, ხოლო რიგითი წევრები რუსეთთან შეთანხმების თემაზე მხოლოდ ზოგად კომენტარებს აკეთებენ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.