მამუკა ხაზარაძე: "ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!"

25.07.25 20:51
მამუკა ხაზარაძე: "ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!"

   "ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

​​​​​ხაზარაძის განცხადებით, "ჩვენი ქვეყნის და ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენი დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან". 

ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!   

 ე პატივს ვცემ საკუთრების უფლებას და მის უპირობო დაცვას, თუმცა ბიზნესში არსებობს გაუთვალისწინებელი რისკები, ასეთი კი ბევრი შეიძლება იყოს დღევანდელ უსამართლო მოცემულობაში.

ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით ჩემი გამოცდილებიდან. 2007 წელს აუქციონზე, რომელიც სახელმწიფომ გამოაცხადა, თბილისის ცენტრალური სადგურის მართვის 49-წლიანი უფლება მოვიპოვეთ. სანამ ხელშეკრულების გაფორმების ყველა პროცედურა დამთავრდა, აღმოვაჩინეთ, რომ იქ მყოფ დევნილებს, რომლებიც უბინაობის გამო ამ შენობას აფარებდნენ თავს, კიდევ უამრავი დამატებოდა. მდგომარეობა გასაგები იყო - ამ ოჯახებს არ ჰქონდათ არანაირი თავშესაფარი.

ჩვენმა კომპანიამ (GRDC), რომელშიც ბევრი ევროპელი ინვესტორიც გვყავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ხარჯით 100 ოჯახი ბინით დაგვეკმაყოფილებინა, რაც სრულად შევასრულეთ. ვინც შეთავაზებულ ბინაზე უარი განაცხადეს, ის ოჯახები შესაბამისი თანხით გავისტუმრეთ. ეს იყო ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა - შეგვემსუბუქებინა ჩვენი თანამემამულეების გასაჭირი.

არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანებად უნდა დავრჩეთ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.

ჩვენი ქვეყნის და ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენი დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან!" - წერს მამუკა ხაზარაძე. 

ცნობისთვის, 39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია. ხელბორკილები პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაადო ბინის გარეშე დარჩენილებსაც.

დღეს, კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა. 

        

მსგავსი სიახლეები