"ოცნების" ელჩმა ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა

25.07.25 22:43
"ოცნების" ელჩმა ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა

"ქართული ოცნების" ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თეთრ სახლში, რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. 

ამასთან, ელჩის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრა. 

მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები,რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ - ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე", - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები