"ოცნებას" ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება, რომ მათი საჯარო კომუნიკაცია რუსული ყაიდის შეთქმულების თეორიებია" - სიორიძე
"ოცნებას" ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება, რომ მათი საჯარო კომუნიკაცია რუსული ყაიდის შეთქმულების თეორიებია - ასე ეხმაურება ევროკავშირის პრესსპიკერის უმწვავეს გზავნილს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე.
სიორიძე სამარცხვინოს უწოდებს ფაქტს, რომ ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ პაველ ჰერჩნსკი ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენს.
სამარცხვინოა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ პაველ ჰერჩნსკი წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას. სამარცხვინოა, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ მდგომარეობამდე მიიყვანა კონდინცია, რომ მას პირდაპირ, დაუფარავად ეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ყაიდის შეთქმულების თეორიები. მთელი მათი საჯარო კომუნიკაცია, ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა", - აცხადებს გიორგი სიორიძე.
ევროკავშირის პრესსპიკერი "საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მისი ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს გმობს" და განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს".
პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსული სტილის შეთქმულების თეორიები" მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.