"ოცნება" ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ იყენებს - გეგელია

27.07.25 15:26
"ოცნება" ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ იყენებს - გეგელია

ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა ვუყურებთ, არანაირ შემხებლობაში არ არის ანტიკორუფციულობასთან, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის დაკავებას. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ანტიკორუფციულ კამპანიას "ოცნება" ახლა წინასაარჩევნოდ იყენებს, სინამდვილეში კი, როგორც დაკავებულები, ასე დამკავებლები, ყველანი კორუფციასა და ნეპოტიზმში არიან ჩაფლულები. 

ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ეს სისტემა, ეს რეჟიმი, არის ჩამპალი კორუფციაში წლების განმავლობაში, მაგრამ ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა ვუყურებთ კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან, უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შემხებლობაში არ არის ანტიკორუფციულობასთან. ეს არის რეჟიმის შიდა კლანური დაპირისპირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. როგორც დაკავებულები, ასევე დამკავებლები, ყველანი არიან ერთად ჩაძირული კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობში და ამ ანტიკორუფციული ვითომდა კამპანიას ახლა იყენებენ წინასაარჩევნოდ და ერთმანეთთან ძიძგილაობით და შიდა კლანური დაპირისპირების ინსტრუმენტად, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

შეგასენებთ, რომ დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.

ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სუს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

 

მსგავსი სიახლეები