მივა თუ არა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძემდე? – ყოფილი თანამშრომლები ექსმინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

27.07.25 17:48
მივა თუ არა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძემდე? – ყოფილი თანამშრომლები ექსმინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

მივა თუ არა სუსის გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძემდე? თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს არ სჯერათ, რომ მინისტრმა მის უწყებაში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ არ იცოდა. 

თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სწორედ ბურჭულაძე იყო ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა უწყებებში და მათ შორის, თავდაცვის სამინისტროშიც, ფინანსებს კურირებდა. 

ჯუანშერ ბურჭულაძე სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება კურირებდა ფინანსებს სხვადასხვა უწყებაში. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში ღარიბაშვილის დროს სწორედ ის პოზიცია ეკავა, რა პოზიციაც დაკავებულია ეს მისი მოადგილე ხაინდრავა დღეს ანუ კურირებდა ფინანსებს. წლები ჰქონდა ნამუშევარი შესყიდვების სფეროში და თუ რამე მან დეტალურად იცოდა, ეს იყო სწორედ შესყიდვების საკითხები, ხელშეკრულებების საკითხები და მის გარეშე ვერცერთ ასეთ შეთანხმებას ვერც ხაინდრავა და ვერც, მითუმეტეს, შესყიდვების შეფი ვერ გააკეთებდა.

ჯუანშერს დაიჭერენ თუ არა, თუ დავუშვებთ, რომ გამოძიების ინტერესია მართლაც გამოძიების ინტერესი და არა პოლიტიკური ინტერესი, მაშინ რთული დასაჯერებელი იქნება, რომ ამ ორ ადამიანს ბურჭულაძის გარეშე ჩაეტარებინა რაიმე ტიპის მაქინაციები, გამორიცხულია.

მაგრამ, თუ ამოცანა არის ორი ადამიანის დაჭერა და ამასობაში, ბურჭულაძისთვის გასაგები სიგანლის გაგზავნა და ღარიბაშვილისთვის, რომ თქვენ, თუ გინდათ, რომ იგივე ბედი არ გაიზიაროთ, რაღაც იქს მოქმედებები უნდა განახორციელოთ ამისთვის, მაშინ შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ჯუანშერს საერთოდ არ შეეხონ, დაელოდებიან, როგორ იმოქმედებს ის - ანუ შეასრულებს თუ არა ამ დავალებას, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.

გიორგი თავდგირიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ დამფუძნებელი, პროცესებს ხელისუფლების შიდა კლანურ დაპირისპირებად აფასებს. 

ძალაუფლებისთვის ბრძოლას და ბრძოლას გარკვეული რესურსებისთვის ვადევნებთ თვალს, რომელმაც გამოვლენა ჰპოვა დაკავებებში, იმიტომ, რომ სახელმწიფო მიტაცებული აქვთ, სახელმწიფო მანქანა პოლიტიზირებულია, შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები არის გამოყენებული ურთიერთანგარიშსწორებისთვის. ზუსტად ეს ანატომია გააჩნია ამ სისტემას. ერთი კლანი ჩაიძირა და მისი ყველა წევრი უნდა წავიდეს. მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილითან უნდა მივიდეს სრულად წილი და ამის გამო ამ ადამიანებს იჭერენ. სახელმწიფო უწყებებს იყენებენ პირდაპირ იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში მათ მხარეს იყოს გამარჯვება. თავისთავად, ბიძინა ივანიშვილის აწყობილი სქემაა, სადაც ის ამ ქსელის შუაგულშია მოთავსებული და ის ათამაშებს ყველა ამ თოჯინას თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, - ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელი გიორგი თავდგირიძე.

შეგასენებთ, რომ დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.

ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სუს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

 

მსგავსი სიახლეები