მილიონების გაფლანგვის საქმე და ექსმინისტრის დაკავებული გარემოცვა - მივა თუ არა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძემდე
გუშინ ღამით თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ისინი დიდ კორუფციულ გარიგებაში არიან მხილებულნი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაკავებულებმა თავდაცვის სამინისტროსთვის შესაძენი სამედიცინო აპარატურის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს, რამაც ბიუჯეტი მილიონობით ლარით აზარალა. უწყება აღნიშნავს, რომ დაკავებები ამით არ დასრულდება.
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა კითხვა – მოვა თუ არა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძემდე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება. თავად ბურჭულაძე კომენტარს არ აკეთებს და ჩვენს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.
კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა დაკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბურჭულაძის მამა, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს აგრესიული კომენტარებით შეხვდა და "დაკბენითაც" დაემუქრა.
სუს-ის თქმით, კორუფციული სქემის დიდი ნაწილი უკვე გაშიფრულია, ხოლო თანამონაწილეებად დასახელებული არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძეს იყვნენ დაქვემდებარებული.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.