რუსი დეპუტატი "ოცნების" რიტორიკას იმეორებს - ზატულინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი "ოცნების" რიტორიკას იმეორებს და აცხადებს, რომ დასავლეთი ცდილობს, საქართველო ომში ჩართოს. მისი მტკიცებით, საქართველოს შესაძლოა უვიზო რეჟიმის შენარჩუნება ან ნატოში გაწევრიანების დაპირება შესთავაზონ, თუ ქვეყანა კონფლიქტში ჩაერთვება.
ამის (რედ. - რუსეთთან ომის დაწყების) სანაცვლოდ დასავლეთი მას (საქართველოს) შეაქებს, შეუნარჩუნებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყველგან, ყველანაირ პლატფორმაზე ილაპარაკებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია და დაიწყებენ გზების ძებნას, როგორ დაეხმარონ საქართველოს უფრო ეფექტიანად, არ ვიცი, მაგალითად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, საქართველოს კიდევ სადმე გაწევრიანება. რაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიზანია - ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა, - თქვა რუსმა დეპუტატმა.
ამასთან, ზატულინი აცხადებს, რომ საქართველომ "ქართული ოცნების" მმართველობით NATO-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ხელისუფლებით საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა უნდა დაივიწყოს. ეს მეტასტაზები კი ღრმად ფესვგადგმულია და ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის ბავშვებით, სოროსის შვილიშვილებით. რატომ ატყდა ასეთი აყალმაყალი გასულ წელს? რადგან მიიღეს კანონი, ამერიკულიდან გადაწერილი, უცხოეთის აგენტების შესახებ, - თქვა რუსულ მედიასთან ზატულინმა.
ზატულინი გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე პროტესტებსაც და აღნიშნა, რომ აქციებში მხოლოდ„საშუალო კლასი“ მონაწილეობს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი პროცესებს შორიდან აკვირდება.
გაჩნდა ასეთი ქალაქის საშუალო კლასი, რომელიც ქართულ ვარიანტში, თავისთავად, არის საშუალო კლასი ყველანაირი რევოლუციის, მაიდანებისა და ყველაფერი დანარჩენის შესასრულებლად. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამას აბსოლუტურად ინდიფერენტულად უყურებს. თავისთავად, ესაა მიზეზი, რომლის მეშვეობითაც მმართველი პარტია მმართველობას აგრძელებს, - თქვა რუსმა დეპუტატმა.