„ერთი კორუმპირებული კლანი შურისძიებას გეგმავს მეორეზე“ - ბესიკ დონაძე ბურჭულაძის გარემოცვის დაკავებაზე

28.07.25 11:22
„ერთი კორუმპირებული კლანი შურისძიებას გეგმავს მეორეზე“ - ბესიკ დონაძე ბურჭულაძის გარემოცვის დაკავებაზე

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის დაკავებას კლანურ დაპირისპირებას უკავშირებს. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მფარველობით კობახიძის კლანი მიზანმიმართულად ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილის გავლენის გაწმენდას, რისთვისაც ანტიკორუფციული ბრძოლის ფარსს იყენებს.

დონაძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჭულაძე და მისი ფინანსური გარემოცვა, მათ შორის ოჯახის წევრები და ნათესავები, წლების განმავლობაში სისტემურად მონაწილეობდნენ საეჭვო გარიგებებსა და ბიუჯეტის ფლანგვაში, რაც ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.

ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მუშაობას იწყებს შპს "გორი ისთეითში. "გორი ისთეითი" ეკუთვნის ვასილ მხეიძეს ანუ ვასილ მხეიძე არის მისი ცოლის ძმა, დაკავებულის ინიციალებიც ვ.მ. ემთხვევა და მისი ახლო ნათესავია. ასევე, ვასილ მხეიძეს აქვს კომპანია, რომელშიც ჰყავს 50%-ში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური და ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს უფროის, დაკავებულია ვლადიმერ ღუდუშაური. "ტერა ბანკის" ყოფილი ერთ-ერთი დირექტორი იყო ზურაბ აზარაშვილი და ზურაბ აზარაშვილი და ბურჭულაძე ერთად მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროში როდესაც მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. როდესაც კონსოლიდირებული ტენდერი ტარდებოდა შესყიდვების სააგენტოში, თავდაცვის სამინისტროდან იყო ჯუანშერ ბურჭულაძე. როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე გახდა უკვე მინისტრი, შემდეგ დააწინაურეს ამჟამად დაკავებული ვლადიმერ ღუდუშაური. მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, კომერციული საქმიანობა უფიქსირდება 2014 წლიდან, მას მერე, რაც ირაკლი ღარიბაშვილი თავისი კლანით მოდის, უფრო სწორედ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული ირაკლი ღარიბაშვილი თავისი კლანით მოდით ხელისუფლებაში. ასე რომ, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ერთი "კამანდა", ერთი წრე, რომელსაც ყველას ერთად ახლა ვითომდა კორუფციასთან ბრძოლის დროშით იჭერს ბიძინა ივანიშვილი. ანუ, რეალურად, ერთი კორუმპირებული კლანი ახლა შურისძიებას აპირებს მეორე კორუმპირებულ კლანზე. კობახიძის კლანი სანამ იქნება ხელისუფლებაში, გაანადგურებს ბოლომდე ირაკლი ღარიბაშვილის კლანს.

ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო ყველა სანდო ადამიანი, ვისთანაც ფინანსურ საკითხებს გადიოდა, ყველა არის დაკავებული. სახელმწიფო სტრუქტურა ისეა აწყობილი, ზოგადად, საჯარო სამსახური, რომ არ არსებობს, რომ იქ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ამხელა თანხები და რაღაც მილიონები გააკეთოს. გამორიცხულია. ყველაზე დაბალი თანამდებობის პირიც კი მიხვდება, რომ ტენდერი არის მორგებული. ასე რომ, უბრალოდ გამორიცხულია, ჯუანშერ ბურჭულაძის და როდესაც მინისტრი იყო ღარიბაშვილი, მინისტრის გარეშე რაიმე მომხდარიყო. ეს ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ, რომ ბოლოს, გადარიცხვები როდესაც კეთდება, ეს ადამიანები ადასტურებენ მათი ხელმოწერით, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.

სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის - ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში და ამჟამად იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან.

 

მსგავსი სიახლეები