ივანიშვილს ფული შემოაკლდა და დანარჩენებს დაერია - ელისაშვილი
„ქართული ოცნების“ შიგნით კორუფციული კლანები ერთმანეთს უტევენ, - ასე აფასებს ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის დაკავებას "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
მისი თქმით, ბურჭულაძე არც პირველი იყო პარტიაში, ვინც თანხებს იპარავდა, და არც უკანასკნელი იქნება. ელისაშვილი ხაზს უსვამს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ჩამოყალიბებულ სისტემურ კორუფციას და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მზარდი ზეწოლის ფონზე „ოცნების“ შიგნით პროცესები უკვე რყევების ფაზაშია.
ელისაშვილის თქმით, სიტუაციას ამძაფრებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც - „ფული შემოაკლდა და ახლა თავისი გუნდის წევრებს დაერია“.
კორუფციულ ჭაობად აქვთ იქაორობა, როგორც ყველა სახელმწიფო უწყება, გადაქცეული. ბურჭულაძე "ქართული ოცნების" არც პირველი მინისტრი იყო, ვინც ფულს იპარავდა, მათ შორის, არც თავდაცვის პირველი მინისტრი იყო და არც ბოლო იქნება. უბრალოდ, ერთმანეთს დაერივნენ. ღარიბაშვილს უტევენ, კიდევ სხვებს უტევენ, ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ. ყანყალებენ, ცალ ფეხზე დგანან და ბარბაცებენ. გრძნობენ, რომ ევროკავშირიდან თანდათან უფრო კატეგორიული პოზიციაა, ხედავენ, რომ ტრამპთა ბიძინამ დაალაგა არა ისა, როგორც თავისიანებს ატყუებდა. შესაბამისად, ნერვებზე არიან და არიან ერთმანეთს დარეულები. თან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიცაა, რომელსაც, როგორც ჩანს, მანია აქვს და პარანოია, რომ ფული უნდა ითვალოს და ეს ფული რომ შემოაკლდა, ახლა დაერია დანარჩენებს, - ამბობს ელისაშვილი.
შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.
გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.
სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის - ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში და ამჟამად იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან.