გურამიშვილის მეტროში წვიმის დროს ტაშტები აწყვია, შესაძლოა, ჭერი ჩამოვარდეს - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მეტროსადგურ გურამიშვილის დაუსრულებელ რეაბილიტაციაზე საუბრობს და "ოცნებას: კორუფციასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პოლიტიკოსის თქმით, მეტროსადგურში წვიმა ჩადის და არსებოსბ ჭერის ჩავარდნის საფრთხეც, რაც შესაძლოა, ტრაგედიით დასრულდეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძეს აკისრებს.
ჩვენ ახლა ვართ გურამიშვილის მეტროსთან და გვინდა, შეგახსენოთ ამ მავნე ხელისუფლების, ამ მექრთამეების კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება, შეგახსენოთ აღვირახსნილი კორუფციის ფაქტი და ქალაქის და ხალხის ინტერესების აბუჩად აგდება.
ვისაც გიმგზავრიათ მეტროს პირველი ხაზით, აუცილებლად შეამჩნევდით თუ როგორ გამოიყურება წლებია გურამიშვილის გამზირი, მეტროსადგური გურამიშვილი დაბომბილი ჰიროსიმა გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვიდრე ეს სადგური გამოიყურება. 2017 წლიდან მიდის ვითომ რეაბილიტაცია. ერთხელ დახურეს რეაბილიტაციისთვის, მერე ყოველგვარი რეაბილიტაციის გარეშე გახსნეს, მერე ერთი პროექტი შეითანხმეს, მეორე პროექტი შეითანხმეს, მესამე... ბოლოს თქვეს, 2024 წელს გაიხსნებაო და აგერ, 2025 წლის ზაფხულია და ჩაბრძანდით და ნახეთ, როგორ გამოიყურება. ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ, წვიმის დროს ტაშტები აწყვია ვესტიბიულში. ჭერი შეიძლება, ჩამოვარდეს ნებისმიერი ძლიერი წვიმის დროს და რა მოხდება და ვის მოიყოლებს, ღმერთმა უწყის.
და რატომ ხდება ეს? ერთი მეტროსადგურის გაკეთებას 8 წლის განმავობაში რა უნდოდა? არაფერი. ალბათ ერთი, რომ კალაძე 20 წელია მეტროში არ ჩასულა, მხოლოდ წინასაარჩევნოდ დადის და არ ადარდებთ არც ხალხის პრობლემები, არც ქვეყნის პრობლემები, არც მეტროსადგური, არც სატრანსპორტო პრობლემა ამ ქალაქის. ადარდებთ მარტო ფულის მოპარვა. ზუსტად ეს არის შესაცვლელი. ეს უნდა შევცვალოთ და ქალაქიც და ქვეყანაც დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.