“ოცნებაში“ ამბობენ, რომ კახა კალაძის მერობის კანდიდატობა გადაწყვეტილი არ არის
კახა კალაძე შესაძლოა, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი არ იყოს - ის რომ კალაძის მერობის კანდიდატობა გადაწყვეტილი არ არის დღეს ივანიშვილის გუნდში დაადასტურეს.
ლევან მახაშვილის თქმით, “მიუხედავად იმის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, რეალურად არის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს.“
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას მიმდინარე კვირაში აპირებენ.
რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერი კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები“, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, 23 ივლისს, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
მეორე დღეს, 24 ივლისს კრიტიკული მედიის კითხვაზრე, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, პასუხი ასე გამოიყურებოდა:
„თქვენ ძალიან ნერვიულობთ ჩემს კანდიდატურაზე. გაგიხარდებათ, როგორც მოქალაქეს, მე რომ ვიყო თბილისის მერი? დაელოდეთ და თავის დროზე ყველაფერი ცხადი გახდება“.