რატომ გაემიჯნა "ქართუ" ივანიშვილს - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

29.07.25 13:28
რატომ გაემიჯნა "ქართუ" ივანიშვილს - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ბანკი "ქართუ" ივანიშვილთან კავშირში არ არის. "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ აღნიშნული "თემის შავ-ბნელ სტრატეგიად" წარმოჩენას ემსახურება. 

ამასთან, პოლიტიკოსი "ქართუ ბანკის" დამსახურებებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ "ქართუ ფონდს" ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. 

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკის მფლობელია ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შექმნილია ფონდი "ქართუ", ამ თემის წარმოჩენა შავ-ბნელ სტრატეგიად და გარკვეულ გეგმად, პოლიტიკაზე დაქვემდებარებულ გეგმად, რასაკვირველია, შეურაცხმყოფელიცაა, არასწორია და პრაქტიკულად, გამოიყენება გარკვეულ სცენარში, რომელსაც ჰქვია საქართველოს სტაბილურობის შერყევის სცენარი.

წარმოაჩინეთ "ქართუ ბანკი" როგორც რაღაც სტრუქტურა, რომელიც ვინაიდან ბიძინას მფლობელობაშია, წარმოჩენილია ნეგატიურად. მაშინ, როცა უშველებელი სიკეთე აქვს გაკეთებული თუნდაც ამ ბანკიდან მიღებული გარკვეული შემოსავლით "ქართუ ფონდს" ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს ვოლსკი. 

არჩილ გორდულაძე კი ირწმუნება, რომ ივანიშვილის მიერ დაფუნებულ ბანკს ახლა ივანიშილი არ მართავს. "ოცნების" დეპუტატი ასევე ამტკიცებს, რომ ბანკს სანქციების არ ეშინია.

ამასთან, გორდულაძე ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ "ბანკი ქართუს" დაზიანება ქართველი ხალხის დაზინების ტოლფასია.  

მე რამდენადაც ვიცი და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ ბანკი "ქართუ" არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული და ახლა იგი მმართველობაში არ იღებს მონაწილეობას. მე არ ვარ "ქართუს" ადვოკატი. ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების არ ეშინიათ. ბანკის დასანქცირება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ბანკის დასანქცირებას. იმას ჰყავს აქციონერებიდან დაწყებული, რიგითი მომახმარებლებით, მეანაბრეებით დამთავრებული, ამ ადამიანებისთვის პრობლემის შექმნა და ცოტა დავფიქრდეთ, როცა ვლაპარაკობთ ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ადამიანების, თქვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ რომ იღებენ გადაწყვეტილებას და შანტაჟს რომ გამოიყენებენ, დაფიქრდით, რომ თქვენც ქართველი ხართ, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

"ქართუ ბანკი" "ტვ პირველის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს -  ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ტელეკომპანიას "ქართუ ბანკის" ივანიშვილის ან "ოლიგარქის ბანკად" მოხსენიება.

სასარჩელო მოთხოვნაში ბანკი ირწმუნება, მათ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ. 

 

მსგავსი სიახლეები