საელჩო - წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოში NATO-ს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების - „მტკიცე სული“ გამართვას ეხმაურება და წერს, რომ "წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას".
მათი თქმით, სწავლების მიზანი პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობაა.
„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა!
ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს.
კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას“,- წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 25 ივლისს საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სულს“ (Agile Spirit) მეთორმეტედ უმასპინძლა. აღნიშნული სამხედრო სწავლება რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ კრწანისში გამართულ ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ქართული ოცნების" არცერთი მაღალჩინოსანი არ ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, გენშტაბის უფროსი და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.