"ვოლსკიმ საკუთარ სამარცხვინო წარსულს მიხედოს" - "ძლიერი საქართველოს" პასუხი "ოცნების" ლიდერს
ალეკო ელისაშვილის გვარმა, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი, - ასე პასუხობენ "ძლიერ საქართველოში" "ოცნების" დეპუტატის განცხადებას, რომელმაც ელისაშვილი "ექსტრემისტად" გამოაცხადა. გიორგი სიორიძე ვოლსკის ურჩევს, საკუთარ "სამარცხვინო წარსულს და აწმყოს მიხედოს".
რაც შეეხება "ლელო - ძლიერი საქართველოს" მერობის კანდიდატს, სიორიძე ამბობს, რომ მსჯელობა რამდენიმე ძლიერ კანდიდატზე მიმდინარეობს.
ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი დაუბრუნდა, როგორც ჩანს, თავის კომუნისტურ ფესვებს და შეხვედრებს მართავს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში. ალეკო ელისაშვილის გვარმა, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი. მან, სჯობს, თავის სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს მიხედოს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს, რომელიც ძალიან გაურკვეველია. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურებს, "ლელო - ძლიერი საქართველო" აკეთებს გამოკითხვას, სოციოლოგიურ კვლევებს, ტესტავს რამდენიმე ძალიან ძლიერ კანდიდატს და გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს თბილისი, თბილისელები და ჩვენ მას აღვასრულებთ, - ამბობს გიორგი სიორიძე.
გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მერობის კანდიდატად დასახელება ოპოზიციისთვის "არასერიოზული" და "წამგებიანი" იქნება. "ოცნების" დეპუტატი ელისაშვილს "ექსტრემისტად" და "აკრობატული ნომრების" შემსრულებლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი კანდიდატურის წამოყენება ოპიზიციის მხრიდან იქნება ჩანაფიქრი, რომ წაგების შემთხვევაში "არჩევნები" გაყალბებულად წარმოაჩინონ.